აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მოკავშირე ქვეყნების მიმართ კრიტიკული რიტორიკა გაამძაფრა. მისი თქმით, შეერთებული შტატების სამხედრო რესურსების გამოყენება გლობალური უსაფრთხოებისთვის უნდა გადაიხედოს.
"ჩვენ ვიცავთ მსოფლიოს ძალიან მდიდარ ნაწილს, თუმცა ამისთვის სათანადო ანაზღაურებას არ ვიღებთ. ეს აღარ შეიძლება გაგრძელდეს", - განაცხადა ტრამპმა თავის გამოსვლაში.
პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის საგარეო პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს პრაგმატულ მიდგომებს და არა "უსასყიდლო დახმარებას".
"ჩვენ ვართ უზარმაზარი სახელმწიფო, რომელიც ყველას ეხმარება, მაგრამ როდესაც საქმე ჩვენს ეკონომიკურ ინტერესებს ეხება, ჩვენი მოკავშირეები ხშირად არც ისე ხელგაშლილები არიან. მინდა, კომპენსაცია მივიღოთ, რადგან არ შეიძლება, მუდმივად ჩვენ ვაფინანსებდეთ სხვის უსაფრთხოებას", - აღნიშნა მან.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის მოქალაქეების ფული პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობას უნდა მოხმარდეს.
"დროა, შევწყვიტოთ მსოფლიოს პოლიციელობა უფასოდ. ჩვენი პრიორიტეტი ამერიკის ძლიერება და ეკონომიკური სტაბილურობაა. თუ მათ სურთ ჩვენი დაცვა, მათ უნდა გადაიხადონ შესაბამისი ფასი", - დასძინა ტრამპმა.




