აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 25%-იან ტარიფს დაუწესებს იმპორტზე ყველა ქვეყანას, რომელიც ვენესუელისგან ნავთობს ანდა გაზს ყიდულობს. ამის შესახებ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა.

ტრამპის განცხადებით, ტარიფები 2 აპრილიდან შევა ძალაში. ამ გადაწყვეტილების მიზეზად დონალდ ტრამპმა დაასახელა ვენესუელიდან აშშ-ში მიგრანტთა ნაკადი, რომელთა შორის, მისი თქმით, ათობით ათასი კრიმინალი და მოძალადეა.

„ჩვენ მათი ვენესუელაში დაბრუნების პროცესში ვართ – ეს დიდი ამოცანაა! გარდა ამისა, ვენესუელა ძალიან მტრულად იყო განწყობილი შეერთებული შტატებისა და ჩვენს მიერ მხარდაჭერილი თავისუფლებების მიმართ. შესაბამისად, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ყიდულობს ნავთობს და/ან გაზს ვენესუელისგან, იძულებული იქნება, გადაიხადოს 25%-იანი ტარიფი შეერთებულ შტატებთან ნებისმიერი ვაჭრობისთვის. ყველა დოკუმენტაცია ხელმოწერილი და რეგისტრირებული იქნება, ხოლო ტარიფი ამოქმედდება 2025 წლის 2 აპრილს, ამერიკაში გათავისუფლების დღეს“, – წერს დონალდ ტრამპი.

ვენესუელისგან ნავთობს თავად აშშ-ც ყიდულობს. როგორც „სიენენი“ ვაჭრობის დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, 2024 წელს აშშ-ს ვენესუელისგან 5,6 მილიარდი დოლარის ნავთობი და გაზი მიეწოდა.

თარგმანი: პირველი არხი