რუსეთი თუ მზად არ არის, დადოს შეთანხმება ომის დასასრულებლად, მაშინ აშშ სრულად არის მზად, დააწესოს ტარიფების ძლიერი პაკეტი, რომელიც მჯერა, სწრაფად დაასრულებს სისხლისღვრას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე განაცხადა.
ტრამპის თქმით, ტარიფები რომ ეფექტიანი იყოს, ევროპული ქვყნები უნდა შეუერთდნენ ანალოგიურ ზომებს.
„ჩინეთი და ინდოეთი არიან მიმდინარე ომის პირდაპირი დამფინანსებლები, რადგან განაგრძობენ რუსული ნავთობის შეძენას, რაც უპატიებელია. ნატო-ს ქვეყნებსაც არ შეუწყვეტიათ რუსული ნავთობისა და რუსული ნავთობპროდუქტების დიდი ნაწილის შეძენა. მე ეს ორი კვირის წინ გავიგე და ბედნიერი არ ვიყავი. იფიქრეთ ამაზე. ისინი აფინანსებენ ომს საკუთარი თავის წინააღმდეგ. ვის გაუგონია ასეთი რამ? თუ რუსეთი მზად არ არის, დადოს შეთანხმება ომის დასასრულებლად, მაშინ აშშ სრულად არის მზად, დააწესოს ტარიფების ძალიან ძლიერი პაკეტი, რომელიც მჯერა, ძალიან სწრაფად დაასრულებს სისხლისღვრას. თუმცა, იმისთვის, რომ ეს ტარიფები იყოს ეფექტიანი, ევროპული ქვყნები, ყველა თქვენგანი, ვინც ამჟამად აქ იმყოფება, უნდა შემოგვიერთდეთ ანალოგიური ზომების მიღებაში. თქვენ უფრო ახლოს ხართ, ჩვენ ოკეანე გვყოფს. თქვენ იქვე ხართ და ევროპა უნდა გააქტიურდეს. ისინი არ უნდა აკეთებდნენ, რასაც აკეთებენ. ისინი ყიდულობენ რუსეთისგან ნავთობს და გაზს და ამავე დროს, რუსეთს ებრძვიან. ეს მათთვის უხერხულია. მათ დაუყოვნებლივ უნდა დაასრულონ რუსეთისგან ენერგორესურსების შეძენა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ყველა ძალიან ბევრ დროს ვფლანგავთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
თარგმანი: პირველი არხი








