ჩვენ გვსურს, შეწყდეს ბირთვული იარაღის შემუშავება, ის იმდენად ძლიერია, რომ მას უბრალოდ ვერასდროს გამოვიყენებთ და, თუ მას ოდესმე გამოვიყენებთ, მსოფლიომ შესაძლოა, არსებობა დაასრულოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენიმე წლის წინ საზღვარგარეთ უგუნურმა ექსპერიმენტებმა გამანადგურებელი გლობალური პანდემია გამოიწვია, მსოფლიო მასშტაბის კატასტროფის მიუხედავად, მრავალი ქვეყანა განაგრძობს ბიოლოგიური იარაღისა და ხელოვნური პათოგენების სარისკო კვლევას.

„დღეს, როდესაც საშიში იარაღის საფრთხის შემცირებას ვცდილობთ, ასევე მოვუწოდებ ყველა ქვეყანას, შემოგვიერთდნენ ბიოლოგიური იარაღის შემუშავების ერთხელ და სამუდამოდ შეწყვეტაში. ბიოლოგიური იარაღი საშინელებაა, ბირთვული კი კიდევ უფრო მეტად და, ჩვენ ბირთვულსაც ვგულისხმობთ. ჩვენ გვსურს, ბირთვული იარაღის შემუშავება შეწყდეს. ის იმდენად ძლიერია, რომ ჩვენ უბრალოდ ვერასდროს გამოვიყენებთ მას. თუ ჩვენ ოდესმე გამოვიყენებთ მათ, მსოფლიომ შესაძლოა, არსებობა დაასრულოს. აღარ იარსებებს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რომელზეც ვისაუბრებთ. აღარაფერი იქნება. სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ უგუნურმა ექსპერიმენტებმა საზღვარგარეთ გამანადგურებელი გლობალური პანდემია მოგვიტანა. მსოფლიო მასშტაბის ამ კატასტროფის მიუხედავად, მრავალი ქვეყანა განაგრძობს ბიოიარაღისა და ხელოვნური პათოგენების უკიდურესად სარისკო კვლევას. ეს წარმოუდგენლად საშიშია. პოტენციური კატასტროფების თავიდან ასაცილებლად, დღეს ვაცხადებ, რომ ჩემი ადმინისტრაცია უხელმძღვანელებს საერთაშორისო ძალისხმევას ბიოლოგიური იარაღის კონვენციის აღსრულების უზრუნველსაყოფად, რომლის ფარგლებშიც გაიმართება მსოფლიოს ლიდერებთან შეხვედრები და შემუშავდება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შემოწმების სისტემა, რომლის ნდობაც ყველას შეუძლია. იმედი მაქვს, გაერო შეძლებს კონსტრუქციული როლის შესრულებას“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

თარგმანი: პირველი არხი