თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ესპანეთს ტარიფებით დაემუქრა, რადგან ტრამპის თქმით, ესპანეთი NATO-ს ერთადერთი წევრია, რომელმაც თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება არ მიიღო.

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ ესპანეთით. ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც 5%-მდე არ გაზარდა. ვფიქრობდი ვაჭრობის სფეროში სასჯელის სახით ტარიფების დაწესებას და შეიძლება ასეც გავაკეთო" – თქვა ტრამპმა.

23 ივნისს, NATO-ს წევრი სახელმწიფოები ჰააგაში გამართულ სამიტზე 2035 წლისთვის, თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 2%-დან 5%-მდე გაზრდაზე შეთანხმდნენ.

ერთობლივ დეკლარაციაში წერია რომ ბლოკი "ერთიანია დიდი საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე. ასევე, მოკავშირეები იღებენ ვალდებულებას, ყოველწლიურად მშპ-ს 5%-ის ინვესტირება მოახდინონ თავდაცვის ძირითად მოთხოვნილებებში, ასევე, თავდაცვასა და უსაფრთხოების საკითხებში, რათა უზრუნველყონ ინდივიდუალური და კოლექტიური პასუხისმგებლობების შესრულება".