აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთი ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავებას სახიფათო უწოდა. ამის შესახებ მან აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის დოკუმენტური ფილმის პრემიერაზე განაცხადა.
ტრამპს ჰკითხეს, რას ფიქრობდა პეკინსა და ლონდონს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის, ჩინეთში ვიზიტის ფონზე.
ბრიტანეთის მთავრობის მეთაური პეკინში ოთხდღიანი ვიზიტით ჩავიდა - ეს რვა წლის შემდეგ პირველი ვიზიტია.
ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრისას, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ის ჩინეთთან "უფრო დახვეწილი" ურთიერთობის დამყარებას ცდილობს.
მხარეებმა ვაჭრობისა და ინვესტიციების შესახებ შეთანხმებებს მიაღწიეს. ჩინეთმა ასევე შემოიღო 30-დღიანი უვიზო რეჟიმი ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის.
აშშ-ის პრეზიდენტმა ამ ნაბიჯებს "სახიფათო" უწოდა და ახსენა კანადა, რომელმაც ასევე ცოტა ხნის წინ ჩინეთთან არაერთი შეთანხმება დადო.
"ეს მათთვის ძალიან სახიფათოა და კიდევ უფრო სახიფათოა კანადისთვის ჩინეთთან საქმიანი ურთიერთობა.
კანადა რთულ პერიოდს გადის. ისინი ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან. ჩინეთი კი ვერ იქნება გამოსავალი. პირველი, რასაც ისინი გააკეთებენ, ჰოკეის აკრძალავენ. კანადას ეს არ მოეწონება", - უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა.








