აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა „დანებების თეთრი დროშა უნდა ააფრიალოს“.

„ისინი უნდა დანებდნენ – ძალიან ამაყები არიან, შესაძლოა, თეთრი დროშა არც ააფრიალონ, მაგრამ, ფაქტობრივად, უკვე ასეთ მდგომარეობაში არიან. მათ უნდა ააფრიალონ თეთრი დროშა – დანებების თეთრი დროშა. მათ იციან, რა უნდა გააკეთონ და იციან, რა არ უნდა გააკეთონ. სინამდვილეში ისინი პატარა ნავებიდან სათამაშო იარაღით ისვრიან. იცით, რატომ პატარა ნავებიდან? იმიტომ, რომ გემები აღარ დარჩათ“, – აღნიშნა ტრამპმა.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ირანს პირად საუბრებში შეთანხმების მიღწევა სურს, საჯაროდ კი იმუქრება.

„ახლა არის სიტუაცია, როდესაც სრული კონტროლი გვაქვს. ბლოკადა შესანიშნავად მუშაობს – რკინასავით მყარია. ვფიქრობ, ეს კარგად მუშაობს. ვნახავთ. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ირანს შეთანხმების დადება სურს. ირანთან დაკავშირებით რაც არ მომწონს, არის ის, რომ ისინი დიდი პატივისცემით მესაუბრებიან, შემდეგ კი ტელევიზიით აცხადებენ: „ჩვენ პრეზიდენტთან არ გვისაუბრია“. ისინი თამაშობენ,  მაგრამ გეუბნებით – მათ შეთანხმების დადება სურთ. ისინი ჭკვიანურად უნდა მოიქცნენ. ჩვენ არ გვინდა, შევიდეთ და ადამიანები დავხოცოთ. ეს ძალიან მძიმეა“, – განაცხადა ტრამპმა.

რაც შეეხება ნავთობის ფასებს, ტრამპის განცხადებით, ფასების 200-დან 300 დოლარამდე ზრდას მოელოდა. მისივე თქმით, 102 დოლარი მცირე საფასურია ბირთვული იარაღის საფრთხისგან გასათავისუფლებლად.

„ეს როდესაც გავაკეთე, ვიფიქრე, რომ ბაზარი 25%-ით დაეცემოდა და ეს ჩემთვის მისაღები იყო. ვთქვი, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, ამ ადამიანებს ბირთვული იარაღის ქონის უფლება მივცეთ, რადგან ისინი მას გამოიყენებენ. ნავთობის ფასებზეც ვფიქრობდი, რომ 200-250-მდე, შესაძლოა 300-მდეც კი ავიდოდა. ვიცოდი, ზრდა მოკლევადიანი იქნებოდა, მაგრამ მაინც. დღეს შევხედე და დაახლოებით 102-ზეა. ეს ძალიან მცირე ფასია, რათა ბირთვული იარაღის ქონის უფლება არ მისცე ადამიანებს, რომლებიც ფსიქიკურად არასტაბილურები არიან“, – განაცხადა ტრამპმა.