აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 4 მაისიდან აშშ-ის სამხედროები დაიწყებენ სამოქალაქო გემების ესკორტს ჰორმუზის სრუტეში, რომელიც ირანის მიერ არის ჩაკეტილი. ოპერაციას "თავისუფლების პროექტი" ეწოდება.
ტრამპმა ეს ჰუმანიტარულ ქმედებად შეაფასა, რომელიც მიმართულია ასობით გემის ეკიპაჟის სასარგებლოდ, რომლებიც სპარსეთის ყურეში ომის დაწყების შემდეგ არიან ჩარჩენილი. ოპერაციის გამოცხადების დროს, სრუტეში მყოფმა ორმა გემმა თავდასხმების შესახებ განაცხადა. AXSMarine-ის ცნობით, 29 აპრილის მონაცემებით, ყურეში 900-ზე მეტი სავაჭრო გემი იმყოფებოდა.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ოპერაციაში ჩართულია მართვადი რაკეტების გამანადგურებლები, 100-ზე მეტი საჰაერო და საზღვაო სატრანსპორტო საშუალება, უპილოტო პლატფორმები და 15 000 სამხედრო მოსამსახურე. პენტაგონმა განლაგების დეტალები არ გაავრცელა.
ჩარჩენილ ტანკერებსა და სატვირთო გემებზე დაახლოებით 20 000 მეზღვაური იმყოფება - ძირითადად ინდოეთის და სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნების მოქალაქეები. ეკიპაჟის წევრები იუწყებიან, რომ გემებს სასმელი წყლის, საკვებისა და სხვა მარაგების დეფიციტი აქვთ.
დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე, დაწერა, რომ ოპერაცია "შეერთებული შტატების, ახლო აღმოსავლეთის და განსაკუთრებით ირანის სახელით" ხორციელდება.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მისი წარმომადგენლები ირანთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რამაც შეიძლება, "ყველასთვის ძალიან პოზიტიური" შედეგი გამოიღოს, თუმცა პირდაპირ არ ახსენა ირანის 14-პუნქტიანი გეგმა ომის დასრულების შესახებ.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-მ ტრამპის განცხადებას "ბოდვა" უწოდა. ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომისიის ხელმძღვანელმა, ებრაჰიმ აზიზიმ X-ზე დაწერა, რომ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვებში ამერიკის ნებისმიერი ჩარევა 8 აპრილს ძალაში შესული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად ჩაითვლება.








