დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ს რომ რეალური პრეზიდენტი ჰყოლოდა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პატივს სცემდა, ის არასდროს შეიჭრებოდა უკრაინაში.
„ახლა კი უამრავი ხალხია დაღუპული. იმაზე მეტი, ვიდრე საჯაროდ ცხადდება. თქვენ შეგიძლიათ, გააორმაგოთ, გაასამმაგოთ ეს რიცხვები. მას არაფერი გაუკეთებია ომის შესაჩერებლად. სინამდვილეში მან წაახალისა რუსეთი უკრაინაში შეჭრისკენ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენთან დებატებისას.
როგორც ტრამპი განმარტავს, უკრაინაში შეჭრისკენ პუტინს ბაიდენის ავღანეთთან დაკავშირებით ქმედებამ უბიძგა, სადაც „ბაიდენმა სრული არაკომპეტენტურობა გამოავლინა და ძალიან არასწორად მოიქცა ავღანეთთან დაკავშირებით“.
„პუტინი არასდროს შეიჭრებოდა. ისევე როგორც ისრაელში არასდროს შეიჭრებოდა „ჰამასი“. იცით, რატომ? რადგან ირანი ჩემ დროს გაკოტრებული იყო. არავის მივცემდი მათთან ბიზნესის წარმოების საშუალებას. მათ თანხა აღარ ჰქონდათ არც „ჰამასისთვის“ და არაფრისთვის. სწორედ ამიტომ, ჩემი ადმინისტრაციის დროს ტერორი არ ყოფილა. მთელი მსოფლიო ფეთქდება მის პირობებში“, – განაცხადა ტრამპმა.