აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, 2025 წლის 2 აპრილი სამუდამოდ შევა ისტორიაში, როგორც ამერიკის ინდუსტრიის აღორძინების დღე.

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სხვადასხვა ქვეყნისთვის საპასუხო ტარიფების დაწესების გამოცხადებისას აღნიშნა. 

„ეს არის გათავისუფლების დღე, რომელსაც დიდი ხანია, ველოდებით. 2025 წლის 2 აპრილი სამუდამოდ შევა ისტორიაში, როგორც ამერიკის ინდუსტრიის აღორძინების დღე, დღე, როცა ამერიკა გამდიდრდება. ამერიკით ისარგებლეს თაღლითებმა, ჩვენს გადასახადის გადამხდელებს 50 წლის მანძილზე ძარცვავდნენ, მაგრამ ეს ასე აღარ გაგრძელდება. მალე მოვაწერ ხელს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აამოქმედებს საპასუხო ტარიფებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რასაც ისინი ჩვენთან აკეთებენ, ჩვენ მათ გავუკეთებთ. ეს ძალიან მარტივია.

ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ამერიკის ისტორიაში, დღეს აშშ-ის ეკონომიკური დამოუკიდებლობის გამოცხადება აღინიშნება. ახლა ჩვენი აყვავების დროა. სამუშაო ადგილები და ადგილობრივი წარმოება ამერიკაში დაბრუნდება. ეს ნამდვილად იქნება ამერიკის ოქროს ხანა. როდესაც საქმე ვაჭრობას ეხება, ხანდახან მეგობარი მტერზე უარესია. სამხრეთ კორეაში წარმოებული მანქანების 80%-ზე მეტი იყიდება სამხრეთ კორეაში, ხოლო იაპონიაში გაყიდული მანქანების 90%-ზე მეტი დამზადებულია იაპონიაში და აშშ-ში დამზადებული მანქანები მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს ამ ქვეყნებში. მაგალითად, „ფორდი“ ძალიან ცოტას ყიდის სხვა ქვეყნებში. დისბალანსმა გაანადგურა აშშ-ის მრეწველობა, ამიტომ ჩვენ დავაწესებთ 25%-იან ტარიფს უცხოური წარმოების ყველა ავტომობილზე. ჩვენ ვზრუნავთ ქვეყნებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ახლა დროა, აშშ-მა იზრუნოს საკუთარ ხალხზე“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, მალე მიიღებს ზარებს მეფეებისგან, დედოფლებისგან და ელჩებისგან, რომლებიც ტარიფებისგან გათავისუფლებას ითხოვენ, მისი გზავნილი კი მათთვის ასეთია: „გააუქმეთ საკუთარი ტარიფები, დაწიეთ ბარიერები, ნუ მანიპულირებთ თქვენი ვალუტით და დაიწყეთ ათობით მილიარდი დოლარის ამერიკული საქონლის ყიდვა“.

თარგმანი "საზოგადოებრივი მაუწყებელი"