კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის კუბას "ყველანაირი შესაძლო დახმარება" გაუწიოს.
"თქვენ იცით, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ კონტაქტს კუბის ხელისუფლებასთან, ექსპერტულ და სამუშაო დონეზეც. ჩვენ ჩვენს კუბელ მეგობრებთან ვინარჩუნებთ კონტაქტს. კუბა - ეს არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რომელიც უმკლავდება დიდ ეკონომიკურ სირთულეებს მომგუდველი ემბარგოს გამო, რომელიც ამ ქვეყანას ადევს. დიდი ჰუმანიტარული პრობლემები ვითარდება ამ ქვეყანაში. და, რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც რუსეთი, მზად ვართ, გავუწიოთ ყველანაირი შესაძლო დახმარება. ყველა ეს შეკითხვა მუშავდება ჩვენს კუბელ კოლეგებთან ერთად მუშავდება," - თქვა პესკოვმა ბრიფინგზე.
ცნობისთვის, აშშ-ს მიერ ნავთობის ბლოკადის დაწესებიდან რამდენიმე კვირაში კუბაში ელექტროენერგია სრულიად გაითიშა. CNN-ის ინფორმაციით, სახელმწიფო ელექტროგადამცემ ქსელის ოპერატორმა განაცხადა, რომ კუბის ქსელის გათიშვის დროს მოქმედ ელექტრომოწყობილობებში არანაირი გაუმართაობა არ ყოფილა.
ასევე, 16 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კუბის აღების შესაძლებლობაზე ისაუბრა.
"კუბა თავის მხრივ, ტურიზმისა და სხვა მხრივ, ლამაზი კუნძულია. შესანიშნავი ამინდი აქვთ. არ არიან ქარიშხლის ზონაში, რაც მშვენიერია. ყოველ კვირა ქარიშხლისთვის ფულს არ მოგვთხოვენ.
თუმცა, ვფიქრობ, კუბა დასასრულის წინაშეა. მთელი ჩემი ცხოვრება მესმოდა აშშ-სა და კუბაზე: როდის გააკეთებს აშშ ამას? მჯერა, რომ მე მექნება კუბის აღების პატივი. ეს დიდი პატივია... კუბის აღება, დიახ. რაღაც ფორმით. კუბის აღება - გავათავისუფლებ მას, თუ ავიღებ. მგონია რასაც მინდა იმას გავუკეთებ. გინდათ სიმართლე გითხრათ? ახლა ძალიან დასუსტებული სახელმწიფოა. დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ. ძალიან სასტიკი ლიდერები." - თქვა ტრამპმა.






