რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა რუსულ სამთავრობო მედიასთან ინტერვიუში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისი ცხოვრება "ამ მოვლენებმა რადიკალურად შეცვალა."

"2008 წლის 8 აგვისტოს მოვლენებმა ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ერთია, როდესაც პრეზიდენტად საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში აგირჩევენ და ჯერ კიდევ ეჩვევი ამ ამოცანის შესრულებას და ამ ტვირთის ტარებას. მეორე საკითხია, როდესაც იძულებული ხდები, რომ გადაწყვეტილებები სამხედრო მოქმედებების შესახებ მიიღო. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ძალიან რთულია. იმ წინაპირობითაც, რომ საქართველოს რეჟიმს აქეზებდნენ, მათ შორის ოკეანის გაღმიდან." - ამბობს მედვედევი.

სამთავრობო მედია TASS-თან საუბრისას მან ასევე თქვა, რომ 2008-ში "იძულებული გახდა, გადაწყვეტილება მიეღო ქართული სამხედრო ფორმირებების წინააღმდეგ საპასუხო დარტყმის დაწყების შესახებ".

"სწორად მოვიქეცი, რადგან ჩვენ რომ არა ეს მოვლენები სრულიად სხვა მიმართულებით განვითარდებოდა. თუმცა, ჩვენ შევძელით სიტუაციის სწრაფად განმუხტვა და ახსნა, თუ როგორ არ შეიძლება რუსეთს მოიქცე, ასე რუსეთს არასდროს არ უნდა მოექცე." - დაამატა მან. 

მედვედევი ასევე აცხადებს, რომ 2008 წელს "რუსეთი სწორად მოიქცა".

"2008 წლის აგვისტოს მოვლენებს უკან რომ ვუყურებ, მე ვთვლი, რომ რუსეთი მოიქცა ღირსეულად, ჩვენ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ და მეტიც, ჩვენ გარკვეული დროით, ხაზს ვუსვამ, გარკვეული დროით, მათ ვისაც ეს არ ეკუთვნით, მოვუკალით რუსეთთან სახიფათოდ თამაშის სურვილი." - ამბობს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.