სკანდალური განცხადებებით ცნობილმა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა ამჯერად განაცხადა, რომ თავად უკრაინის არსებობაა უკრაინელებისთვის საშიში და მომაკვდინებელი.
"ვგულისხმობ არა მხოლოდ დღევანდელ ხელისუფლებას, ბანდერელების პოლიტიკურ რეჟიმს, არამედ ვსაუბრობ ნებისმიერი სახის უკრაინაზე". – წერს მედვედევი.
მედვედევი ირწმუნება, რომ უკრაინის არსებობა გახდება ომის განახლების მუდმივი მიზეზი და ამას ამ ქვეყნის ევროკავშირში ან NATO-ში შესვლა ვერ შეაჩერებს.
ის უკრაინას "ხელოვნურ ქვეყანასა" და "სიმსივნურ წარმონაქმნს" უწოდებს.
"რუსეთის ისტორიულ ტერიტორიებზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა ახლა საომარი მოქმედებების განახლების მუდმივი მიზეზი იქნება. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის უკრაინის სახელით სიმსივნური ზრდის სათავეში, ეს არ შემატებს მის მმართველობას ლეგიტიმაციას და თავად "ქვეყნის" იურიდიულ სიცოცხლისუნარიანობას. და, შესაბამისად, ახალი ბრძოლის ალბათობა გაგრძელდება განუსაზღვრელი ვადით. თითქმის ყოველთვის. მეტიც, არის 100%-იანი ალბათობა ახალი კონფლიქტის, მიუხედავად იმისა, რა უსაფრთხოების დოკუმენტებს მოაწერს ხელს დასავლეთი მარიონეტ კიევის რეჟიმთან. ამას ვერც უკრაინის ასოცირება ევროკავშირთან და ვერც ამ ხელოვნური ქვეყნის ნატოში შესვლა შეუშლის ხელს. ეს შეიძლება მოხდეს ათ ან ორმოცდაათ წელიწადში",– ამტკიცებს მედვედევი და დასძენს, რომ სჯერა, უკრაინელების აბსოლუტური უმრავლესობა "მიხვდება, რომ ცხოვრება დიდ საერთო სახელმწიფოში, რომელიც ახლა ძალიან არ მოსწონთ, სიკვდილზე უკეთესია".