გაზეთი „არგუმენტი ი ფაქტი" რუსეთის ექსპრეზიდენტის, ამჟამად მმართველი პარტია „ედინაია რასიის" თავმჯდომარის და რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის,  დმიტრი მედვედევის სტატიას აქვეყნებს.

ყოვლად სამარცხვინო და წარმოუდგენელი ცინიზმით სავსე სტატიაში დმიტრი მედვედევი რუსეთის საქართველოში შემოჭრის წინა პერიოდს, ომის დღეებს და „რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ"  ხელმოწერილ ბრძანებულებებს იხსენებს და ამბობს, რომ ომი და შემდეგ აღიარება არ მოხდებოდა, რომ არა სააკაშვილის და მის მხარდამჭერთა (მედვედევი კონკრეტულად ამერიკელებს, მათ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს ასახელებს - „აიპრესი") უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი ქცევა.

მოვლენების ასეთი განვითარება დასავლეთისთვის გაკვეთილი არ გამოდგა, კვლავ იმავე ფოცხს დააბიჯა ფეხი და ამჯერად ნატო ჩვენ კიევის რეჟიმის ხელით გვებრძვის უკრაინაში. ახლავე უკვე ცხადია, რომ ომი, რომელშიც ჩვენი მოწინააღმდეგეები ყურებამდე არიან ჩაფლულები, კიევის სამარცხვინო დამარცხებით დასრულდება, მომავალში კი, სრულიად შესაძლებელია - მსოფლიო პოლიტიკური რუკიდან საბჭოა კავშირის ნანგრევებზე ხელოვნურად შექმნილი უკრაინის სახელმწიფოს გაქრობა, - წერს მედვედევი და კვლავ სააკაშვილს და საქართველოს უბრუნდება.

მისი თქმით, თავის დროზე  სააკაშვილი გახდა აშშ-ის პირველი მარიონეტული ლიდერი კავკასიაში, რომელიც ცდილობდა გაეღვივებინა რუსეთის მიმართ საქართველოს მცხოვრებთა სიძულვილი. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართველებს დავიწყნოდათ საერთო ისტორია, გაეწყვიტათ ურთიერთობა რუსეთთან, შეზიზღებოდათ უახლოესი მეზობლები - რუსები, ოსები, აფხაზები - და მათი სიკვდილის სურვილი გასჩენოდათ. საქართველოში რუსოფობთა ბოლო გამოსვლები აჩვენებს, რომ ამ ხალხს კვლავ შურისძიების იმედი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მუდმივად აწყდებიან წინააღმდეგობას იმ  თანამოქალაქეებისგან, რომლებიც არ აპირებენ რუსეთის მიმართ სიძულვილის ეროვნულ იდეის რანგში აყვანას და საკმაოდ თბილად არიან განწყობილნი ჩვენი მოქალაქეების მიმართ.

ქართველების უმრავლესობისთვის ბევრად უფრო კომფორტულია მშვიდობიანად ცხოვრება ჩვენს სახელმწიფოსთან. რუსეთი ახლოსაა, ამერიკა - ოკეანის გადაღმა. საქართველოსთვის, უმდიდრესი კულტურის მქონე ქვეყნისთვის, რომელიც ათასობით ძაფით არის დაკავშირებული რუსეთთან, რუსოფობია არის სისულელე, სიმახინჯე, მძიმე ავადმყოფობა. საბედნიეროდ, ეს სრულიად განკურნებადია, - წერს მედვედევი.

რუსეთის ექსპრეზიდენტი დასავლეთს მოუწოდებს აითვისონ წარსულის გაკვეთილები და შეწყვიტოს სიტუაციის გამწვავება საქართველოში.

2008 წელს შევაჩერეთ თბილისზე თავდასხმა, როდესაც მოვახერხეთ წარმოშობილი საფრთხეების აღმოფხვრა და შევქმენით  უსაფრთხოების გარანტია. ახლა ვითარება კვლავ აქტიურად იძაბება - როგორც ჩანს, უკრაინის ფლანგთან ერთად ჩვენს საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი კერის შექმნის მიზნით. ისევ მიდის საუბარი ნატოში საქართველოს შესაძლო გაწევრიანებაზე. თითქოს დაუკვეთეს და ამ ქვეყანაში რუსოფობიის აფეთქებები დაიწყო, - ამბობს მედვედევი და სტატიას საქართველოსა და დასავლეთისადმი მუქარით ასრულებს: 

„ჩვენ არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება. ჩვენ მზად ვართ გადავჭრათ პრობლემები მოლაპარაკებების მაგიდასთან გაეროს წესდების სულისკვეთების შესაბამისად, მაგრამ თუ ჩვენი შეშფოთებები რეალურ კონტურებს შეიძენენ, ზოზინს არ დავიწყებთ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა კვლავინდებურად პოპულარულია და ის შეიძლება განხორციელდეს, თუ ამისთვის საფუძვლიანი მიზეზები წარმოიშობა.

დასავლეთისთვის მოვლენების ასეთი შემობრუნება იქნება მორიგი სამარცხვინო ფიასკო და გავლენის კატასტროფული დაკარგვის კიდევ ერთი სიმბოლო. ისტორია მკაცრად სჯის ყველას, ვინც უგულებელყოფს მის გაკვეთილებს."