დიდმა ბრიტანეთმა საპოლიციო ძალებისა და შს სამინისტროს მაღალჩინოსნები, მათ შორის, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, სულ 5 პირი დაასანქცირა.

შს მინისტრის გარდა, სანქცირებულთა შორისაა შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი სულხან თამაზაშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი ("ხარება") და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური.

"დიდმა ბრიტანეთმა შეერთებულ შტატებთან კოორდინირებული მოქმედებით სანქციები დაუწესა ხუთ მაღალჩინოსანს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში ჟურნალისტებზე და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობრივ თავდასხმებზე.

საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო დემონსტრაციების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების სისტემატური დარბევა მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი წინააღმდეგობა გაუწია ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ქვეყნის სვლა ევროპული მომავლისკენ.

ეს გადაწყვეტილება ძირს უთხრის საქართველოს კონსტიტუციის ძირითად კომპონენტს და ფართოდ განიხილება, როგორც ქართული ოცნების ბოლო ნაბიჯი, რომელიც საქართველოს უფრო დაუცველს ხდის კრემლის მიმართ.

აღნიშნულ პირებს - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, მის მოადგილეს, სამ მაღალი რანგის პოლიციელს, დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის აკრძალვა და აქტივების გაყინვა ემუქრებათ", - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული პირები არიან:

ვახტანგ გომელაური — შინაგან საქმეთა მინისტრი;

ალექსანდრე დარახველიძე — შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

სულხან თამაზაშვილი — თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;

ზვიად ხარაზიშვილი — განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი;

მილერი ლაგაზაური — განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.