„დიდი შვიდეულის“ (G7) საგარეო საქმეთა მინისტრებმა 11-12 ნოემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომლითაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და არსებობის უფლების, ასევე მისი თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს.
ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობა და იმ პრინციპის ერთგულება, რომ საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს.
„ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორეთ, რომ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა აუცილებელია. შევთანხმდით, რომ მოლაპარაკებების საწყისი წერტილი შეხების არსებული ხაზი უნდა იყოს. ჩვენ ერთგული ვრჩებით იმ პრინციპის, რომ საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს“, – ვკითხულობთ „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ერთობლივ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები რუსეთისთვის ეკონომიკურ ხარჯებს ზრდიან და რუსეთის საომარი მოქმედებების დაფინანსებაში ჩართული ქვეყნების წინააღმდეგ ზომებს სწავლობენ. ამასთან, მინისტრები გმობენ ჩრდილოეთ კორეისა და ირანის მიერ რუსეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევას.
„ჩვენ ვზრდით რუსეთისთვის ეკონომიკურ ხარჯებს და ვიკვლევთ ზომებს იმ ქვეყნებისა და სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს საომარი ძალისხმევის დაფინანსებაში ეხმარებიან. ჩვენ დავგმეთ ჩრდილოეთ კორეისა და ირანის მიერ რუსეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევა და ჩინეთის მიერ იარაღისა და ორმაგი დანიშნულების კომპონენტების მიწოდება, რაც რუსეთის ომის გადამწყვეტი ხელშემწყობი ფაქტორია. ჩვენ ვაღიარეთ მიმდინარე დისკუსიები დაფინანსების ფართო სპექტრზე, მათ შორის ჩვენს იურისდიქციებში უმოძრაო რუსეთის სუვერენული აქტივების კოორდინირებული გზით გამოყენებაზე უკრაინის მხარდასაჭერად“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.
ამასთან, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ბოლოდროინდელ პირდაპირ თავდასხმებს კიდევ ერთხელ გმობენ და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებენ.
G7-ის ერთობლივ განცხადებაში, რუსეთ-უკრაინის საკითხის გარდა, საუბარია ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაზეც. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ შემუშავებული კონფლიქტის დასრულების გეგმის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავენ. საგარეო საქმეთა მინისტრები რეგიონში ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებას მიესალმებიან და ყველა ჩართულ მხარეს შეთანხმების პირობების დაცვისკენ მოუწოდებენ.




