დიდ ბრიტანეთში, ავტოსადგომზე აღმოაჩინეს რომაული ქანდაკება, რომელიც თითქმის 2000 წლის არის.

გრეგ კროული, ექსკავატორის ოპერატორი, ინგლისში, პიტერბოროში, მე-16 საუკუნის Burghley House-ის აგარაკის ავტოსადგომზე სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდა. რაღაც მომენტში მან, შემთხვევით, რომაელი ქალის მარმარილოს თავი აღმოაჩინა. რამდენიმე ხნის შემდეგ, ახლომდებარე ადგილას კიდევ ერთი ბიუსტი იპოვეს. გაწმენდის, შესწავლისა და ხელახლა აწყობის შემდეგ, ფრაგმენტები I ან II საუკუნით დათარიღდა.

ექსპერტების აზრით, ქანდაკებას დაამატეს რკინის ნაწილი, რომლითაც მისი ბიუსტზე, ან კვარცხლბეკზე დამაგრება შეიძლება.

"მიჩნეულია, რომ მეცხრე გრაფის ორი მოგზაურობიდან ერთ-ერთის დროს, იტალიაში 1760-იან წლებში, როდესაც მან ბევრი სიძველე შეიძინა, მან ეს ქანდაკება ბურგლიში დააბრუნა", - ნათქვამია სამკვიდროს განცხადებაში.

როგორც აღინიშნა, ბრაუნლოუ სესილმა, ექსეთერის მე-9 გრაფმა, ტიტული მემკვიდრეობით 1754 წელს მიიღო და მოყვარული მოგზაური და სახვითი ხელოვნების კოლექციონერი იყო. მაგრამ, როგორ აღმოჩნდა ხელოვნების ეს ნიმუშები ავტოსადგომზე? უცნობია! შესაძლოა, ძარცვა მოხდა, ან ვიღაცამ ქანდაკება უბრალოდ გადააგდო.

ექსკავატორის მძღოლმა თქვა, რომ "საოცარი გრძნობა იყო ასეთი ძველი და განსაკუთრებული ქანდაკების პოვნა", მან ამ შემთხვევას "ჩემი საუკეთესო აღმოჩენა" უწოდა. "შოკირებული ვიყავი, როდესაც ექსკავატორის კალათამ გადაატრიალა ის, რაც მე კლდე მეგონა და უცებ სახე გამოჩნდა. არ მჯეროდა, როცა მითხრეს, რომ რომაული მარმარილოს ქანდაკება იყო", - თქვა კროულიმ.

ქანდაკება, მეცხრე გრაფის მიერ შეგროვებულ სხვა ნიმუშებთან ერთად, Burghley House-ში გამოიფინება.