დიდ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ უახლოესი კვირეები „ყველაზე ძნელი" იქნება

1609804801
დიდ ბრიტანეთში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განცხადების თანახმად, კარანტინი თებერვლის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.
„დარჩი სახლში, დაიცავი ჯანდაცვის ეროვნული სერვისი, გადაირჩინე სიცოცხლე", - გაიმეორა პრემიერ-მინისტრმა ლოზუნგი, რომელსაც იყენებდა შარშან პანდემიის დაწყებისას.
კარანტინის განმავლობაში დაწესებული შეზღუდვების თანახმად, მოსახლეობას სახლების დატოვება სამედიცინო საჭიროებებისათვის, სურსათის შესაძენად, ფიზიკური ვარჯიშისთვის და იმ სამუშაოსთვის შეეძლება, რომლის შესრულებაც სახლიდან შეუძლებელია.
კარანტინის მოქმედების პერიოდში სკოლის და კოლეჯის მოსწავლეთა უმეტესობა დისტანციურ სწავლებაზე გადავა. საგაზაფხული გამოცდები კი ადრე არსებულისგან განსხვავებული რეჟიმით ჩატარდება.
რესტორნებს მხოლოდ მიტანის სერვისით, ოღონდ ალკოჰოლის გარეშე, მუშაობის უფლება ეძლევათ.
გოლფის სათამაშო მოედნები, ჩოგბურთის კორტები და სპორტული დარბაზები დაიკეტება, მაგრამ კვლავინდებურად ღია დარჩება საბავშვო მოედნები.
სამოყვარულო სპორტის გუნდურ სახეობებში შეჯიბრების ჩატარება იკრძალება, მაგრამ სპორტის ელიტურ სახეობებში, მაგალითად, პრემიერ ლიგის საფეხბურთო ჩემპიონატში, თამაშები გაგრძელდება.
დიდ ბრიტანეთში მეშვიდე დღეა ფიქსირდება კორონავირუსით დაინფიცირების 50 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა. გუშინდელი მონაცემების თანახმად დაინფიცირდა 58 784 კაცი და დადასტურდა ტესტის დადებითი შედეგიდან 28 დღეში გარდაცვალების 407 შემთხვევა.
უკანასკნელი მონაცემების თანახმად, გრინვიჩის დროით 08:00 საათზე დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოებში კორონავირუსით ინფიცირებული 26 656 პაციენტი იყო, რაც წინა კვირის მაჩვენებელს 30%-ით აღემატება.
შობის შემდგომ პერიოდში პაციენტთა რაოდენობა ინგლისში 50%-ით არის გაზრდილი და ამ დროისთვის საავადმყოფოებში ყოველი 10 საწოლიდან 3 დაკავებულია, ზოგიერეთ საავადმყოფოში კი 10-დან 6 საწოლია დაკავებული.
პრემიერ-მინისტრმა საყოველთაო კარანტინი მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ჯანმრთელობის დაცვის სისტემის თანამშრომლებმა მას კორონავირუსის საშიშროების დონის მეხუთე, ყველაზე მაღალ საფეხურამდე გაზრდის შესახებ მისცეს რეკომენდაცია.
სამედიცინო დარგის მუშაკთა ერთობლივ განცხადების თანახმად, მეხუთე საფეხური ნიშნავს, რომ შემდგომში ჯანდაცვის ეროვნულმა სერვისი შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ სიტუაციაში, როდესაც ვეღარ მოახერხებს გაუმკლავდეს შემთხვევების სტაბილური ზრდას.