დამბა, რომლის განგრევის შემდეგაც დერნა 30 მილიონი კუბური მეტრი წყლისგან წაილეკა, 1977 წელს აშენდა და მისი მომსახურება 2002 წლის შემდეგ არ მომხდარა
ლიბიაში კატასტროფის მასშტაბები ჯერ კიდევ გაურკვეველია. „ალ-ჯაზირას" ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვმა უკვე 6000-ს მიაღწია. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ჯერ რთულია თქმა, რამ გამოიწვია დამბების განგრევა და შემდეგ ქალაქის მეოთხედის განადგურება. ამასთან, უკვე ქვეყნდება მონაცემები, რომლებიც ცხადყოფენ, რომ მოსალოდნელი ბუნებრივი კატასტროფებისგან თავდაცვის მიზნით აუცილებელი მინიმალური ზომების მიღებაზე ხელისუფლებას არ უზრუნია.
აღმოსავლეთ ლიბიაში მასშტაბური ნგრევა მას შემდეგ მოხდა, რაც ქარიშხალმა „დანიელმა" ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ დერნადან 12 კმ-ში არსებულმა 70 მეტრის სიმაღლის დამბამ წყლის წნევას ვერ გაუძლო, გაინგრა და ძლიერ დახრილ რელიეფზე მოძრავი წყლის ნაკადი მიაწყდა ქალაქთან ახლოს მდებარე დამბას, რომელმაც ასევე ვერ გაუძლო დიდ დაწოლას და დაახლოებით ოცდაათმა მილიონმა კუბურმა მეტრმა წყალმა ქალაქის მეოთხედი წალეკა.
დამბები მდინარეზე სეზონური წყალმოვარდნებთან გასამკლავებლად აიგო 1970-იან წლებში. სერბული ვებგვერდის, hidroenergetika-ს მიხედვით, დამბების მშენებლობას იუგოსლავია აწარმოებდა. დამბები ქვისა და თიხისგანაა ნაგები. მშენებლობა 1973 წელს დაიწყო და 1977 წელს დასრულდა.
დერნას მერის მოადგილემ, აჰმედ მადროდმა დღეს განაცხადა, რომ დამბების მომსახურება 2002 წლის შემდეგ არ მომხდარა.