CNN–მა თბილისი 12 ევროპულ ქალაქს შორის დაასახელა, რომელთა მონახულებას მოგზაურებს შობა-ახალ წელს ურჩევს.
ავსტრიულ, გერმანულ, ფრანგულ, ბელგიურ, ჰოლანდიურ, ნორვეგიულ და პოლონურ ქალაქებს შორის საქართველოს დედაქალაქიც მოხვდა. სტატიის ავტორი ჯო მინიჰელი CNN–ის სამოგზაურო პორტალის მკითხველს თბილისის მონახულებას ურჩევს.
"მათთვის, ვინც შობას ვერ ელევა, საქართველო და განსაკუთრებით მისი დედაქალაქი თბილისი, მათი ნომერ პირველი სადღესასწაულო ადგილი უნდა იყოს. საქართველოში უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია, ამიტომ, შობას 25 დეკემბრის ნაცვლად 7 იანვარს აღნიშნავენ.
დღესასწაულების მთავარი დღე საქართველოში 31 დეკემბერია. ადგილობრივები ერთმანეთს საჩუქრებს უცვლიან, მთელ ქალაქში ცა ფეიერვერკითაა განათებული. პარლამენტის შენობასთან დიდი ნაძვის ხეა, აქვე ახლოს ეწყობა საშობაო სოფელი და საფესტივალო ბაზრები", - წერს CNN–ის ჟურნალისტი.