"ჰამასის" თავდასხმების პირველი ტალღის დროს დაშავდა უამრავი კიბუცი და ქალაქი, მათ შორის კფარ აზა, ბეერი, ოფაკიმი, სდეროტი, იად მორდეჩაი, იატიდი, კისუფიმი და ურიმი. ცალკე ხოცვა-ჟლეტად იქცა ფესტივალი Nova, სადაც ჯარის მოსვლისთანავე, მოედანზე, ფესტივალის სტუმრებს შორის 260 ცხედარი იპოვეს.

კიბუცში, კფარ აზაში არაადამიანური ხოცვა-ჟლეტა მოხდა. IDF-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ვერ დაასახელეს და ასევე, უარი თქვეს იმაზე, ეთქვათ, თუ როგორ დაიღუპნენ ეს ადამიანები. ცნობილი გახდა, რომ კიბუცი ISIS-ის მეთოდებით განადგურდა. ქალების, ბავშვების, ჩვილებისა და მოხუცების აღმოჩენილ გვამებს ხშირად აკლდათ სხეულის ნაწილები, ან თავები ჰქონდათ მოჭრილი.

კფარ აზაში სახლები გაძარცვეს და დაწვეს. აუფეთქებელი ყუმბარები მთელ ტერიტორიაზე იყო მიმოფანტული.

"მსგავსი რამ ჩემს კარიერაში არასდროს მინახავს, ამას, ჩემი 40-წლიანი კარიერის განმავლობაში ვერასდროს წარმოვიდგენდი," - განუცხადა CNN-ს გენერალ-მაიორმა იტაი ვერუვმა, რამდენიმე საათის შემდეგ, რაც ისრაელის ჯარებმა კფარ აზას კიბუცი აიღეს.

ვერუვის თქმით, მისმა ჯარისკაცებმა დაახლოებით 48 საათი გზებზე და მიმდებარე თემებში გაატარეს. მან თქვა, რომ შაბათს, მოშავ იახინიში მოწინააღმდეგეებთან ბრძოლა დაიწყო, შემდეგ სდეროტის გზაზე გადავიდა, ხოლო ორშაბათს საღამოს კიბუც ბეერს მიაღწია და ბოლო კფარ აზას ჯერი დადგა.

"მე ვნახე ასობით ტერორისტი სრული ჯავშნით, სრული აღჭურვილობით და ყველა შესაძლებლობით, რათა ხოცვა-ჟლეტა განეხორციელებინათ, ბინიდან ბინაში, ოთახიდან ოთახში დადიოდნენ და ჩვილებს, დედებს, მამებს თავიანთ საძინებლებში ხოცავდნენ", - თქვა ვერუვმა.

"ბავშვობაში მსმენია ევროპაში პოგრომების, ჰოლოკოსტის შესახებ. მთელი ჩემი ოჯახი ევროპიდან ჩამოვიდა, ისინი გადარჩენილი არიან. მაგრამ არასოდეს მიფიქრია, რომ ასე რამეს ვნახავდი..." - ამბობს იგი.