აშშ-ის ხელისუფლებას მიღებული ჰქონდა სადაზვერვო მონაცემები ირანის მიერ ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპზე თავდასხმის მზადების თაობაზე, რის გამოც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მის ირგვლივ უსაფრთხოების ზომები საგრძნობლად იყო გაძლიერებული, - იუწყება CNN რამდენიმე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

როგორც CNN-ს აშშ-ის ეროვნული უშიშროების სამსახურის მაღალი რანგის წარმომადგენელმა უამბო, როგორც საიდუმლო სამსახური, ისე თავად ტრამპის შტაბი ჯერ კიდევ შაბათის მიტინგამდე იყვნენ ინფორმირებულები მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და ტრამპს ღია სივრცეში ღონისძიებებში მონაწილეობას არ ურჩევდნენ.

ამასთან, CNN-ის წყაროების ცნობით, იგეგმებოდა ასევე თავდასხმა ყოფილ სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოზე და რიგ სხვა ექს-ჩინოსნებზეც.

"ირანის ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია განზრახვა, შური ეძია 2020 წლის იანვარში ამერიკელი სამხედროების სპეცოპერაციის შედეგად ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის მეთაურ ქასემ სულეიმანის ლიკვიდაციის გამო. 2022 წლის აგვისტოში აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ირანულ მხარეს კონკრეტული ბრალდებებიც წაუყენა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩევლის - ჯონ ბოლტონის მკვლელობის მცდელობის ორგანიზებასთან დაკავშირებით. ბოლო პერიოდში კი სადაზვერვო მონაცემები საფრთხის მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებდა" - იუწყება CNN.

"დონალდ ტრამპზე თავდასხმის ინციდენტის გამოძიება აქტიურად გრძელდება. ჯერჯერობით არაა გამოკვეთილი მსროლელის - 20 წლის თომას მეთიუ კრკუსის კავშირი თანამზრახველთან ან თანამზრახველთა ჯგუფთან - არც ადგილობრივთან, არც უცხოურთან", — განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ედრიენ უოთსონმა.