შაბათს, გაზეთმა „ფაინენშელ ტაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ელბრიჯ კოლბი, თავდაცვის მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც ხელმძღვანელობდა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ „აუკუსის პაქტის“ განხილვას, ზეწოლას ახდენდა ავსტრალიასა და იაპონიაზე, რათა ეთქვათ, თუ რა როლს შეასრულებდნენ ისინი, თუ აშშ-სა და ჩინეთს ტაივანის გამო ომი დაიწყებოდა.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ელბრიჯმა სოციალურ მედიაში დაწერა, რომ აშშ-ს ძალაუფლების აღდგენაზე ორიენტირებული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კოლექტიურ თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდებდა.

„რა თქმა უნდა, ჩვენი ზოგიერთი მოკავშირე შეიძლება არ მიესალმებოდეს გულწრფელ საუბარს. თუმცა, ბევრი, ახლა, ჰააგაში ნატოს ხელმძღვანელობით ისტორიული სამიტის შემდეგ, ხედავს ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას და ამას აკეთებს“, - განაცხადა კოლბიმ.

ეს ამბავი გავრცელდა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ ენტონი ალბანეზესთვის უხერხულ მომენტში - მისი ჩინეთში ვიზიტის პირველ დღეებში - და მას ელბრიჯ კოლბის კომენტართან დაკავშირებით რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწია.

ავსტრალია არ უჭერს მხარს ტაივანთან დაკავშირებით „არავითარ ცალმხრივ ქმედებას“ და მისი თავდაცვისა და დახმარების ხარჯები „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობას ისახავს მიზნად“, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს და დასძინა:

„ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიცია და თანმიმდევრულები ვართ ჩვენს პოზიციაში... ჩვენ არ გვსურს სტატუს კვოს რაიმე ცვლილება“.

აშშ-ის მთავრობის წყარომ ავსტრალიურ გამოცემა „ეი-ბი-სის“ განუცხადა, რომ აშშ, რომელიც ტაივანის თავდაცვის საკითხში სტრატეგიული ბუნდოვანების საკუთარ პოლიტიკას ინარჩუნებს, „უფრო ფართო დიალოგში“ მონაწილეობს ისეთ მოკავშირეებთან, როგორიცაა ავსტრალია.

მათ ასევე განაცხადეს, რომ ავსტრალიამ უარყო აშშ-ის ოფიციალური პირების წინადადებები, რომ ავსტრალიამ ტრამპის ადმინისტრაციას კონკრეტული გარანტიები უნდა მისცეს იმის შესახებ, თუ როგორ განათავსებდა „აუკუსის“ ხელშეკრულებით შეძენილ „ვირჯინიის“ კლასის წყალქვეშა ნავებს, თუ აშშ ომში ჩაერთვებოდა.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა აშშ-ს უფლება, მოეთხოვა ავსტრალიისგან გარანტიები ჩინეთთან ტაივანის გამო ომთან დაკავშირებით, ენტონი ალბანეზემ პირდაპირი პასუხი არ გასცა და თქვა, რომ საკითხი მოგვარებულია.

უფრო ადრე, კვირას, თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პეტ კონროიმ „ეი-ბი-სის“ პროგრამა „Insiders“-ს განუცხადა, რომ ავსტრალია „არ მონაწილეობს ჰიპოთეზურ სპეკულაციებში“ და ნებისმიერ კონფლიქტზე თავად მიიღებს გადაწყვეტილებებს.

„ერთადერთი ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია ავსტრალია აიძულოს ომში ჩაერთოს ან ჩვენი ტერიტორიის კონფლიქტისთვის გამოყენების ნებართვა მისცეს, არის არჩეული მოქმედი მთავრობა“, ამასთან, „პრიორიტეტი ყოველთვის იქნება სუვერენიტეტი და ეს იქნება ჩვენი პოზიცია“, - თქვა მან.

პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ ვიზიტის პირველი ნაწილი ავსტრალიასა და ჩინეთს შორის ხალხთაშორისი კავშირების ხაზგასასმელად გამოიყენა, მან ავსტრალიაში ჩინელი ტურისტების მიზიდვის ახალი კამპანიის წამოწყების შესახებ განაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ასობით მილიონი ადამიანის სიღარიბიდან გამოყვანის საქმეში ჩინეთის მიღწევა და მისი სწრაფი ეკონომიკური განვითარება.

ავსტრალიას რეგიონში „სტაბილურობის“ ხელშესაწყობად „გულწრფელი და კონსტრუქციული დიალოგის“ წარმოება სურს. „ჩვენ ერთმანეთთან მშვიდად და თანმიმდევრულად ვურთიერთობთ და გვსურს გავაგრძელოთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა“, „და ჩვენს ინტერესებშია ჩინეთთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს“, - განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ ჩინეთის კომუნისტური პარტიის სანხაის ქალაქკომი მდივანთან, ჩენ ცზინინთან შეხვედრის დროს.

„ფაინენშელ ტაიმსის“ ცნობით, იაპონია ასევე გაოცებული დარჩა ჰიპოთეზურ სიტუაციასთან დაკავშირებით პასუხის წინასწარ ჩამოყალიბების შესახებ მოთხოვნით.  

„რთულია ტაივანში საგანგებო სიტუაციის შესახებ ჰიპოთეზურ კითხვაზე პასუხის გაცემა“. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში რეაგირება მოხდება „ინდივიდუალურად, კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის და შიდა კანონების და რეგულაციების შესაბამისად“, - განაცხადეს იაპონიის თავდაცვის სამინისტროში.