მას შემდეგ, რაც აშშ-მა ორბიტაზე შეიარაღების სისტემების განთავსება პირველად დაადასტურა, ჩინეთმა მოუწოდა, თავი შეიკავონ კოსმოსში საბრძოლო მოქმედებებისთვის მზადებისგან. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააფრთხილა მხარეები "კოსმოსის მილიტარიზაციის, მისი საბრძოლო მოედნად გადაქცევისა და კოსმოსურ სივრცეში შეიარაღების" შესახებ.

"ჩვენ მოვუწოდებთ ამერიკულ მხარეს, შეწყვიტოს სამხედრო პოტენციალის ზრდა და კოსმოსში ომისთვის მზადება", — განაცხადა უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა გო ძიაკუნმა ბრიფინგზე.

ერთი დღით ადრე, შეერთებულმა შტატებმა პირველად დაადასტურა კოსმოსში იარაღის განთავსება. "აშშ-ს აქვს კოსმოსური სივრცის კონტროლის საშუალებები, რომლებიც ორბიტაზე იმყოფება", — განაცხადა აშშ-ის საჰაერო ძალების მინისტრმა ტროი მეინკმა 14 სექტემბერს. მან არ დააკონკრეტა დეტალები იარაღის შესახებ.

გარდა ამისა, აღინიშნება, რომ კოსმოსური სივრცის კონტროლი მოიცავს შესაძლებლობებს, რომლებიც "აუცილებელია კოსმოსზე კონტროლისა და მისი დაცვის უზრუნველსაყოფად" და შეიძლება გამოყენებულ იქნეს "როგორც შემტევ, ისე თავდაცვით მიზნებში", თანაც, გამოიყენება "კინეტიკური და არაკინეტიკური საშუალებები".

კოსმოსური ძალების განცხადებაში ცალკეა ნახსენები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და რუსეთი. ჩინეთი ავითარებს და ექსპლუატაციას უწევს "კოსმოსში მოქმედების საშუალებებსა და ანტიკოსმოსური თავდაცვის სისტემებს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის სტრატეგიის ფარგლებში". თავის მხრივ, რუსეთის ფედერაცია "კოსმოსს განიხილავს, როგორც საბრძოლო მოქმედებების თეატრს" და გამოდის იმ პრინციპიდან, რომ "კოსმოსში გაბატონება გადამწყვეტი ფაქტორი იქნება მომავალ კონფლიქტებში", — განმარტავენ უწყებაში.

პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, 2019 წელს, დონალდ ტრამპმა რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან არსებული პოტენციური საფრთხის გამო, აშშ-ის კოსმოსური ძალები (United States Space Force) შეიარაღებული ძალების ცალკე სახეობად დააფუძნა.

ყველაზე დიდ შეშფოთებას წარსულში კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსების შესაძლებლობა იწვევდა. 1967 წელს ხელი მოეწერა კოსმოსის შესახებ ხელშეკრულებას, რომელიც მსგავს განთავსებას კრძალავს. მის მონაწილეებს შორის, სხვებთან ერთად, არიან აშშ, რუსეთი და ჩინეთი. დოკუმენტი კოსმოსის კვლევას მხოლოდ და მხოლოდ "მშვიდობიანი მიზნებით" ავალდებულებს. მისი მოქმედება არ ვრცელდება თანამგზავრებზე ან კოსმოსურ ხომალდებზე განთავსებულ ჩვეულებრივი ტიპის შეიარაღებაზე.

ამჟამად სულ უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ისეთი ქმედებები, როგორიცაა თანამგზავრებზე ჰაკერობა და მათი მუშაობისთვის ხელის შეშლა. კერძოდ, რუსეთს ეჭვმიტანილად მიიჩნევენ Starlink-ის თანამგზავრების საწინააღმდეგო იარაღის შემუშავებაში, რომლებსაც უკრაინელი სამხედროები იყენებენ. რუსეთი, ისევე როგორც აშშ, ჩინეთი და ინდოეთი, შეისწავლის ხელშეკრულების ფარგლებს გარეთ მოქმედების შესაძლებლობებს, — აღნიშნავს საინფორმაციო სააგენტო AFP.