ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში წყალდიდობის გამო 100 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას, ბოლო მონაცემებით, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი დაკარგულად ითვლება.

რეგიონის რამდენიმე დიდი მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ყურადღებით აკვირდება წყლის საშიშად მაღალ დონეს.

სტიქიამ ყველაზე მეტად დააზარალა პროვინციის დედაქალაქი გუანჯოუ, ასევე ქალაქები შაოგუანი და ჰეიუანი.

წვიმისა და წყალდიდობის გამო გუანჯოუს საერთაშორისო აეროპორტში გადაიდო და გაუქმდა ავიარესები. სულ მცირე, სამ ქალაქში კი დაიხურა სკოლები. სტიქიის შედეგად დაზიანდა ან დაინგრა ათობით სახლი. ხელისუფლება ეკონომიკურ ზარალს დაახლოებით 20 მილიონი ევროდ აფასებს.