ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩინური პროდუქციისთვის დამატებითი საბაჟო გადასახადის დაწესებას პეკინმა ანალოგიური ზომით უპასუხა.
ჩინეთის ხელისუფლების მიერ 4 თებერვალს გამოცხადებული გადაწყვეტილებით, 10 თებერვლიდან აშშ-დან იმპორტირებულ ნავთობზე დაწესდება დამატებით 10%-იანი საბაჟო გადასახადი, ხოლო ნახშირსა და თხევად ბუნებრივ გაზზე - 15%-იანი.
დამატებით 10%-ით დაიბეგრება ამერიკული ავტომანქანების იმპორტი.
ამასთან, ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-ს დამატებითი საბაჟო გადასახადების ამოქმედებისთვის უჩივლა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 1 თებერვალს გამოაცხადა, რომ 4 თებერვლიდან დამატებით 10%-იანი საბაჟო გადასახადი დაწესდება ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე.
ტრამპმა ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო კანადისა და და მექსიკის მიმართაც, თუმცა, 3 თებერვალს, ამ ქევეყნების ლიდერებთან მოლაპარაკების შედეგად, ახალი ტარიფების ამოქმედება 30 დღით შეაჩერა.
პრეზიდენტმა ტრამპმა ახალი ტარიფების შემოღების მიზეზებად დაასახელა შეერთებული შტატების საზღვრების დაცვისა და ნარკოტიკების კონტრაბანდასთან ბრძოლის აუცილებლობა და სავაჭრო ბალანსის დეფიციტი.