ბუქარესტის სააპელაციო სასამართლომ ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ პატიმრობიდან გაათავისუფლა. ჯორჯესკუ სექტემბრის ბოლოდან ბუქარესტის ცენტრალურ წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა. ოქტომბერში სასამართლომ მას შინაპატიმრობა მიუსაჯა, გადაწყვეტილება კი შემდგომში სააპელაციო სასამართლომ გააუქმა. ორშაბათის გადაწყვეტილება საბოლოოდ ითვლება.

პოლიტიკოსს მოეთხოვება ელექტრონული თვალთვალის მოწყობილობის ტარება, ხელისუფლებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მუდმივად მიწოდება და საქმეში ჩართულ სხვა პირებთან კონტაქტის არქონა.

ჯორჯესკუმ შენობის გარეთ შეკრებილი მხარდამჭერების ოვაციების ფონზე დატოვა ცენტრალური წინასწარი დაკავების იზოლატორი. იგი სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ მისი საქმე „პოლიტიკურად გაყალბებულია“.

„უდანაშაულო ვარ უამრავ პოლიტიკურად შეთითხნილ საქმეში, რაც დიქტატურის პირობებში სავსებით მოსალოდნელია. დიქტატურულ სახელმწიფოში სიყვარულისა და მშვიდობის ქადაგება, ცხადია, დევნასა და დასჯას იწვევს. ისე კი, ქარის გარეშე, ხორბლის თავთავი ასეთ სიმტკიცეს ვერ გამოიჩენდა; ახლა კი ის ფოლადის მავთულზე უფრო მტკიცეა. რუმინეთი მხოლოდ მაშინ აღორძინდება, როდესაც მას ღვთის რწმენა და კანონები გაუძღვება“, – აღნიშნა კალინ ჯორჯესკუმ.

ჯერ კიდევ უცნობია, როდის დაიწყებს სასამართლო გეორგესკუს საქმის განხილვას.

ყოფილ საპრეზიდენტო კანდიდატს და ბიზნესმენ იონელ რუსენს ბრალი ედებათ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნასა და სერიოზული შედეგების გამომწვევი თაღლითობის ჩადენაში. ჯორჯესკუ უკვე ორ ცალკეულ საქმეზეა ბრალდებული. ერთი: არჩევნების გაუქმების შემდეგ ძალადობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზების გზით ეროვნული უსაფრთხოების შელახვის მცდელობისთვის, ხოლო მეორეში 1930-იანი წლების რუმინეთის ფაშისტი ლიდერების მხარდაჭერაში. ორივე შემთხვევაში მან უარყო ნებისმიერი დანაშაული.

კალინ ჯორჯესკუ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა და პირველ ტურში პირველი ადგილი დაიკავა. 2024 წლის 6 დეკემბერს რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა, ხოლო ჯორჯესკუს განმეორებით არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა. ეს მას შემდეგ, რაც უცხოური ჩარევის, კიბერთავდასხმებისა და სოციალურ მედიაში მისი საარჩევნო კამპანიის დარღვევების შესახებ გასაიდუმლოებული დოკუმენტები გასაჯაროვდა.

რუმინეთის ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის გამოძიების სამმართველოს (DIICOT-ის) პროკურორებმა რუმინეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ, 2026 წლის 21 სექტემბერს დააკავეს.