ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ფერმერებმა, პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, პროტესტის ნიშნად საბურავები დაწვეს.

ფერმერები ევროპის კავშირის არაწევრი ქვეყნებიდან დაბალფასიანი საკვები პროდუქტის იმპორტს, გაზრდილ სამეწარმეო ხარჯებს, გარემოსდაცვით რეგულაციებსა და ევროპული გაერთიანების სოფლის მეურნეობის პოლიტიკას აპროტესტებენ.

მიმდინარე წლის იანვარში ბელგიელმა ფერმერებმა მაგისტრალებისა და ქვეყნის სიდიდით მეორე პორტთან, ზეებრუგთან მისასვლელი გზების გადაკეტვით მათ მიერ წარმოებულ პროდუქციაზე დაბალი ფასები და ევროპის კავშირის გარემოსდაცვითი პოლიტიკა გააპროტესტეს.

1 თებერვალს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ევროპის კავშირის სამიტის მიმდინარეობისას სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულმა ადამიანებმა ტრაქტორებით გზა გადაკეტეს. დემონსტრანტების ნაწილმა კი ევროპარლამენტის შენობას კვერცხები და ბოთლები ესროლა.