ევროკავშირი უნგრეთს გამოუყოფს იმ თანხის პირველ ნაწილს, რომელიც რამდენიმე წლის წინ გაიყინა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობის მხრიდან დაშვებული დარღვევების გამო.

ევროკომისიამ ბუდაპეშტისთვის "ერთიანობის ფონდიდან" (Cohesion Fund) 4,2 მილიარდი ევროს გამოყოფის ინიციატივა წამოაყენა — ეს თანხა სახელმწიფოს სამართლებრივი პრინციპების შეუსრულებლობის გამო იყო დაბლოკილი.

დაფინანსების განბლოკვის გარდა, ევროკომისია გამოდის წინადადებით, უნგრეთს აღუდგეს სრული წვდომა სტუდენტური ცვლის ევროპულ პროგრამა Erasmus-სა და კვლევებისა და ინოვაციების პროგრამა Horizon Europe-ზე. "უნგრეთმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და ევროკავშირის ფინანსური ინტერესების დასაცავად", — განმარტა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისია მივიდა დასკვნამდე, "რომ უნგრეთმა აღმოფხვრა ადრე გამოვლენილი ნაკლოვანებები და ხარვეზები ისეთ სფეროებში, როგორიცაა სახელმწიფო შესყიდვების სისტემა, კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმები, ინტერესთა კონფლიქტის რისკები და პროკურატურის ორგანოების მუშაობის ეფექტიანობა".

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სხვა ნაბიჯებთან ერთად, გაძლიერდა ევროკავშირის სახსრების გამოყენებაზე კონტროლი, ხოლო სახელმწიფო ტენდერების ჩატარებისა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის პროცედურები უფრო გამჭვირვალე გახდა. ბრიუსელის უწყების შეფასებით, უნგრეთის შეერთება ევროპის პროკურატურასთან (EPPO) ასევე უწყობს ხელს კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერებას.