ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება სომხეთთან შესაძლოა მაინც გაფორმდეს. ამის შესახებ ევროკავშირის გაფართოების და კეთილმეზობლობის პოლიტიკის კომისარმა იოჰანეს ჰანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ. სომხეთის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ახალი ვარიანტი, აქცენტს ასოცირების შესახებ დოკუმენტის პოლიტიკურ ნაწილზე აკეთებს და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ პუნქტებს გამორიცხავს. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხური სამსახური რადიო "აზატუტიუნი" ავრცელებს. 

„ვფიქრობ, ჩვენ მაქსიმუმი უნდა ავიღოთ უკვე არსებული და შეთანხმებული დოკუმენტიდან. რა თქმა უნდა, ახალი უნდა ასახავდეს იმ ვალდებულებებს, რომელიც სომხეთმა ცოტა ხნის წინ აიღო, თუმცა იმედი მაქვს, რომ ევროპასთან ასოცირების შეთანხმების პოლიტიკური ნაწილი მთლიანად დარჩება“ - განაცხადა რადიოსთან საუბარში იოჰანეს ჰანმა. 

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ლატვიის საგარეო სქმეთა მინისტრმა ედგარას რინკევიჩმა, დაამატა, რომ წლევანდელი წელი ამ მხრივ სომხეთისთვის და ევროკავშირისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. „არსებობს გამოკვეთილი სურვილი გაგრძელდეს ჩვენი თანამშრომლობა იმ სფეროებში, სადაც ეს შესაძლებელია, იმ ვალდებულებების გათვალისწინებით, რომელიც სომხეთმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში აიღო“ - განაცხადა რინკევიჩმა.

აღნიშნული განცხადებები სომხეთ - ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს ფარგლებში გაკეთდა, რომელიც 20 იანვარს გაიმართა. შეგახსენებთ, რომ სომხეთმა ევროკავშირთან თითქმის დასრულებულ მოლაპარაკებები მოულოდნელად შეწყვიტა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უარი განაცხადა, 2 იანვარს კი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ოფიციალურად გახდა.