დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დააწესა რვა ადამიანისა და "ვაგნერთან" დაკავშირებული ხუთი კომპანიის წინააღმდეგ. ფიზიკური და იურიდიული პირები "შავ სიაში" მოხვდნენ მალიდან, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან და სუდანიდან.

კერძოდ, სანქციები დაწესდა მალიში "ვაგნერის" ერთ-ერთი ლიდერის ივან მასლოვის წინააღმდეგ. შეზღუდვებს დაექვემდებარა ასევე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველი ვიტალი პერფილევი, რომელიც, ლონდონის თქმით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჯგუფის საქმიანობის მართვაში.

გარდა ამისა, სანქციების სიაში მოხვდნენ კონსტანტინე პიკალოვი, ანდრეი მანდელი, მიხაილ პოტეპკინი, ალექსანდრე მალოლეტკო, ალექსანდრე ივანოვი, ასევე ბელარუსი დიმიტრი სიტი.

სანქციების ქვეშ მყოფ კომპანიებს შორის არის M-Invest, Lobaye Invest SARLU, Meroe Gold, Sewa Security Services, Alsolag Mining Co Ltd.

მანამდე „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ჯგუფი საქმიანობის გაგრძელებას აფრიკაში გეგმავს. მან მიმართა კომპანიის დაქირავებულებს, მოემზადონ ბელარუსში, რათა გარკვეული პერიოდის შემდეგ წავიდნენ აფრიკაში ოპერაციების გასაგრძელებლად.