ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, მაისში რუსეთმა უკრაინაში 300-ზე მეტი ირანული "შაჰიდის" დრონი გაუშვა. 

როგორც დაზვერვა ყოველდღიურ მიმოხილვაში აღნიშნავს, უკრაინის მიმართულებით დრონების გაშვების სავარაუდო მიზეზია, აიძულოს უკრაინა, გამოიყენოს მოწინავე საჰაერო თავდაცვის რაკეტები.

უწყება წერს, რომ რუსეთს მნიშვნელოვანი წარმატებებისთვის არ მიუღწევია, რადგან უკრაინამ ძველი საჰაერო თავდაცვის სისტემის გამოყენებით უპილოტო საფრენი აპარატების 90%-ზე მეტი გაანეიტრალა.

გარდა ამისა, დაზვერვა აღნიშნავს, რომ რუსეთი სავარაუდოდ, ცდილობდა დაედგინა უკრაინული ჯარების ადგილმდებარეობა ფრონტის ხაზზე, რათა მათზე დარტყმა განეხორციელებინა, თუმცა როგორც უწყება წერს, რუსული ჯარების დარტყმები შორ მანძილზე არაეფექტურია.