მას შემდეგ, რაც გასულ კვირას პოლონეთის ტერიტორიაზე სამი რაკეტა ჩამოვარდა, ქვეყნის ხელისუფლებამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოკავშირეებს მიმართა თხოვნით, განიხილონ უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობა, როდესაც ისინი NATO-ს ტერიტორიის მიმართულებით მიფრინავენ. ამის შესახებ Bloomberg წერს. ალიანსის წარმომადგენელმა სააგენტოს კომენტარის მოთხოვნას არ უპასუხა, პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა კი კომენტარზე უარი განაცხადა.
Bloomberg-ის წყაროების ცნობით, ვარშავამ ეს იდეა განსახილველად ორი დღით ადრე ბრიუსელში გამართულ NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრაზე გაიტანა. სააგენტოს ანონიმური წყაროების ინფორმაციით, ზოგიერთმა ქვეყანამ წინადადებას მხარი დაუჭირა, თუმცა განხილვა წინასწარ ხასიათს ატარებდა და არანაირი გადაწყვეტილება არ მიღებულა. მიუხედავად ამისა, შეხვედრის შედეგად NATO-მ გამოაცხადა, რომ პოლონეთში ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის მონიტორინგისთვის საჰაერო გაფრთხილებისა და მართვის სისტემის თვითმფრინავს გაგზავნის და ასევე განიხილავს დამატებითი ძალებისა და საშუალებების გაგზავნის შესაძლებლობას.
"ეს განხილვა გრძელდება", — განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა რადიოსადგურ RMF FM-ის ეთერში, NATO-ს საჰაერო სივრცეში შესვლამდე რაკეტების გადაჭერის შესაძლებლობის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას. მან აღნიშნა, რომ მოკავშირეების მხრიდან ხედავს დიდ მზადყოფნას ამ საკითხის განსახილველად, თუმცა მოქმედებისთვის სიმტკიცე ჯერ არ არის.
"მიმაჩნია, რომ უკრაინის თხოვნით უკრაინის თავზე რაკეტის ჩამოგდება თავდაცვის განმარტებაში ჯდება", — განაცხადა იმავე დღეს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ პოლონეთის საზოგადოებრივი რადიოს ეთერში.




