აქამდე შეერთებული შტატები ევროკავშირს მოუწოდებდა, რუსეთის გაყინული სავალუტო რეზერვები უკრაინის დასახმარებლად გამოეყენებინა. თუმცა, პოზიცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ვაშინგტონში გაჩნდა იდეა, რომ ამ აქტივებით აშშ-ს მიეღო სარგებელი უკრაინის ომის შემდგომი აღდგენის ფარგლებში. Bloomberg-ის ცნობით, ახლა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ეწინააღმდეგება ამ აქტივების რეპარაციული სესხისთვის გამოყენებას.

ევროკავშირის არაერთ ქვეყანასთან საუბრისას, აშშ-ის წარმომადგენლები დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ აუცილებელია დაიბლოკოს ევროკომისიის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის რეზერვების გამოყენებას უკრაინისთვის რეპარაციული სესხის უზრუნველსაყოფად.ამერიკელი მაღალჩინოსნების მტკიცებით, ეს აქტივები აუცილებელია მეომარ მხარეებს შორის სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველსაყოფად და არ უნდა გამოიყენონ ომის გასახანგრძლივებლად.

აშშ-ის გეგმა, რომელიც ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა პუტინის წარმომადგენელ კირილ დმიტრიევთან შეთანხმებით შეადგინა, ითვალისწინებდა ევროკავშირში გაყინული 100 მილიარდი ევროს რეზერვების გამოყენებას უკრაინის ომის შემდგომი აღდგენისთვის – აშშ-ის კონტროლის ქვეშ.

ამასთან, ვაშინგტონი ამ ოპერაციებიდან მოგების 50%-ს მიიღებდა.მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი 28-პუნქტიანი გეგმა შემცირდა და შეიცვალა, აქტივების საკითხი კვლავ რჩება ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად, უკრაინის ტერიტორიების სტატუსთან და კიევისთვის უსაფრთხოების სანდო გარანტიების მიცემასთან ერთად.

ევროკომისიამ გაასაჯაროვა უკრაინის მხარდაჭერის გეგმა, რომელიც ორ ვარიანტს ითვალისწინებს.

მთავარი ვარიანტი, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა უჭერს მხარს, ითვალისწინებს 210 მილიარდი ევროს ფინანსური პაკეტის ფორმირებას რუსული აქტივების ხარჯზე, რომლებიც ბელგიურ დეპოზიტარ Euroclear-ში, ასევე ევროკავშირის სხვა ქვეყნებშია დაბლოკილი.

ევროკომისიის წინადადებით, ეს სქემა საგანგებო სიტუაციების შესახებ კანონმდებლობით ამოქმედდება, ამიტომ არ საჭიროებს ევროკავშირის ყველა წევრის თანხმობას და მისი დამტკიცება შესაძლებელია კვალიფიციური უმრავლესობით.

მეორე ვარიანტი გულისხმობს ევროკავშირის მიერ 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მოზიდვას კიევისთვის კრედიტის გასაცემად.