განიხილება უკრაინის ომის დროს მომხდარი დანაშაულების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი სასამართლოს ან ტრიბუნალის შექმნის საკითხი, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

"მისმინეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა იყოს გათვალისწინებული", - ხაზგასმით აღნიშნა მან. ბლინკენის თქმით, სამხედრო დანაშაულების შესახებ ინფორმაცია, მათი ჩადენის მტკიცებულებები გროვდება სხვადასხვა გზით, "უკრაინელები ამას თავად აკეთებენ".

"მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია შეგროვდეს", - განაცხადა ამერიკული დიპლომატიის ხელმძღვანელმა.

"მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას შეეძლოს - საჭიროების შემთხვევაში - სისხლისსამართლებრივი დევნა, მაგრამ ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) ძალისხმევას მტკიცებულებებისა და ინფორმაციის შეგროვების მიზნით", - თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. პარალელურად, მისი თქმით, განიხილება დამოუკიდებელი სასამართლოს, ტრიბუნალის შექმნის საკითხი. "ეს ყველაფერი მაგიდაზეა", - განაცხადა ენტონი ბლინკენმა და შეაჯამა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობის აღება ძალიან მნიშვნელოვანია.

მანამდე, 30 ნოემბერს, ბრიუსელში, ევროკომისიის (EC) პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია სთავაზობს სპეციალიზებული სასამართლოს შექმნას გაეროს მხარდაჭერით. EC-ის ხელმძღვანელის თქმით, ახალი სტრუქტურის შექმნის სურვილი არ ნიშნავს ICC-თან თანამშრომლობაზე უარს.

"ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ მუშაობა საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა მივაღწიოთ მაქსიმალურად ფართო საერთაშორისო მხარდაჭერას ამ სპეციალიზებული სასამართლოსთვის", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. "რუსეთმა პასუხი უნდა აგოს თავისი საშინელი დანაშაულების, მათ შორის სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის გამო", - დასძინა მან.

29 ნოემბერს ბერლინში G7-ის შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს "ბერლინის დეკლარაცია", რომელშიც ნათქვამია, რომ გააფართოებენ თანამშრომლობას G7 ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებს შორის, რათა უფრო ეფექტურად გამოიძიონ რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობისა და რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულები. კოორდინაციის გასაუმჯობესებლად, თითოეული ქვეყანა დანიშნავს ეროვნულ საკონტაქტო პუნქტს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის.

მინისტრების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ეროვნული სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის კოორდინაცია ICC-სთან, რათა, ერთი მხრივ, თავიდან იქნეს აცილებული რუსეთის ოკუპაციას გადარჩენილი მოწმეების განმეორებითი გამოკითხვები და მეორეს მხრივ, რომ გარკვეული დანაშაულები დაუსჯელი არ დარჩეს.

"უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობა იქნება საერთაშორისო სამართლის ისტორიული დამარცხება და მსხვერპლთა განმეორებითი დამცირება", - თქვა გერმანიის იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა და პირობა დადო, რომ ის და მისი კოლეგები ყველაფერს გააკეთებენ ომის დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემისთვის.