აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ რა სურთ, რუსეთთან ბრძოლის გაგრძელება, თუ სურთ მოლაპარაკება და შეეცადონ მიიყვანონ იგი ცეცხლის შეწყვეტამდე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, 2025 წელს უკრაინამ უნდა მიიღოს ფუნდამენტური გადაწყვეტილებები – იბრძოლოს ან მოძებნოს გზები მოლაპარაკებისთვის და შეეცადოს ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას.

როგორც ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, ფუნდამენტურია საკითხი, სურს თუ არა რუსეთს მოლაპარაკება და ამის გაკეთება კეთილსინდისიერად.

"თუ საქმე აქამდე მივა, გვსურს დავრწმუნდეთ, რომ უკრაინელებს და ტრამპის ადმინისტრაციას აქვთ საუკეთესო შესაძლებლობები, საუკეთესო გარიგების მისაღებად", – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, უკრაინას ძლიერი პოზიცია რომ ჰქონდეს, შეერთებულმა შტატებმა უნდა გააძლიეროს იგი ბრძოლის ველზე და განაგრძოს მაქსიმალური ზეწოლა რუსეთზე.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ კარგი იქნება, ცეცხლის შეწყვეტა სამართლიანი და ხანგრძლივი პირობებით.

"რუსეთი გრძნობს ამ ზეწოლის ტვირთს, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ სხვა ქვეყნებთან ერთად ბოლო ორი წლის განმავლობაში. ყველაფერი, რასაც რუსეთი ცდილობს, მას უფრო მეტი დრო სჭირდება, უფრო ძვირი უჯდება და რთულია და, რა თქმა უნდა, ბრძოლის ველზე დანაკარგი კოლოსალურად დიდია. პუტინი აგრძელებს ახალგაზრდების ხორცსაკეპ მანქანაში გატარებას", – თქვა ბლინკენმა.

ბლინკენის თქმით, თუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღწეული იქნება, ის უნდა იყოს გრძელვადიანი და არა შესვენება და გადამზადება რუსეთისთვის.

"უკრაინა არის ქვეყანა, რომელიც მტკიცედ დგას, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. ის ვერ წაშალეს რუკიდან, ეს არის ის, რისი გაკეთებაც პუტინს სურდა, თუმცა ვერ შეძლო. უკრაინას შეუძლია მყარად იდგეს ფეხზე, სამხედრო, ეკონომიკურად, დემოკრატიულად. ეს არის საუკეთესო პასუხი პუტინისთვის და მე ვიცი, პრეზიდენტ ტრამპს მომავალში კარგი გარიგების მიღება სურს", – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.