ინგლისში, ოქსფორდშირის საგრაფოში, ქალაქ ვუდსტოკის გარეუბანში მდებარე, 1987 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული, მალბოროს ჰერცოგების საგვარეული, "ბლენჰეიმის სასახლიდან", სადაც უინსტონ ჩერჩილის მშობლები ცხოვრობდნენ და სადაც დაიბადა უინსტონ ჩერჩილი, ქურდებმა ქსელს მიერთებული უნიტაზი მოიპარეს.
ტუალეტი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია სახელით "ამერიკა", აშშ-ში მცხოვრები თანამდროვე იტალიელი მხატვრის, ინსტალაციის ჟანრის (ერთიანი მხატვრული ფორმის სივრცითი კომპოზიცია, შექმნილი სხვადასხვა ელემენტებისგან-"აიპრესი") თვალსაჩინო წარმომადგენლის, მაურიციო კატელანის მიერ არის შექმნილი 18 კარატიანი ოქროსგან (18 კარატიანი ოქრო იგივეა, რაც 750 სინჯის ოქრო და ნიშნავს, რომ მასში ოქროს შემცველობა არის 75% - "აიპრესი"). უნიტაზი "ბლენჰეიმის სასახლეში" ხუთშაბათს დაწყებული გამოფენისთვის ჩაიტანეს აშშ-დან. მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ უეკფილდის ძვირფასი ლითონების სერტიფიცირებული დილერი პიტერ პიენტა, რომელიც თითქმის 50 წელია, რაც ოქროს ყიდულობს და ყიდის, "ნიუ-იორკ ტაიმსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ამჟამად ტროას უნცია (31,1034768 გრ) ბაჯაღლო ოქრო 1500 $ ღირს. მაურიციო კატელანი ამბობს, რომ უნიტაზის დასამზადებლად 103 კგ ოქროა გამოყენებული. მაშასადამე, უნიტაზის გადადნობის შემთხვევაში, ქურდებს 4 მლნ $-ს დოლარის ღირებულების ოქრო აქვთ მოპარული. "ეს ძალიან ძვირფასი უნიტაზია. თუ მათ გამზადებული აქვთ მოწყობილობები ოქროს რაფინირებისთვის ან გადადნობისთვის, უნიტაზი რამდენიმე დღეში შეიძლება გადადნეს ოქროს ზოდებად და მათი კვალის პოვნა შეუძლებელი იქნება. მათ შეეძლებათ ნებისმიერ ადგილზე მიიტანონ გასაყიდად", - ამბობს პიტერ პიენტა. "თავდაპირველად, დილით, როდესაც გამაღვიძეს და ეს ამბავი მაცნობეს, მე ვიფიქრე, რომ ეს ხუმრობა იყო: ვინ არის ისეთი სულელი რომ უნიტაზი მოიპაროს? წამით დამავიწყდა, რომ ის ოქროსგან იყო დამზადებული", - წერს "ნიუ-იორკ ტაიმს" ელექტრონულ წერილში მაურიციო კატელანი. "ბლენჰეიმის სასახლემდე" უნიტაზი 2016 წლიდან იყო გამოფენილი გუგენჰეიმის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. იქ ის იმდენად პოპულარული იყო, რომ მის სანახავად და მის ფუნქციონირებაში დასარწმუნებლად ადამიანები საათობით იდგნენ რიგში. როგორც ამბობენ, 2017 წლის ბოლოსთვის ოქროს უნიტაზით მოსარგებლეთა რაოდენობამ 100 ათას კაცს მიაღწია. 2018 წელს, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუგენჰეიმის მუზეუმს მიმართა თხოვნით, იჯარით გადაეცათ თეთრი სახლისთვის ვან გოგის ტილო "პეიზაჟი თოვლით", მუზეუმმა უარი განაცხადა და სანაცვლოდ თეთრ სახლს რომელიმე ტუალეტისთვის იჯარით ოქროს უნიტაზის აღება ურჩია. ოქროს უნიტაზი ისევ მოექცა ყურადღების ცენტრში. მუზეუმის წინადადებას თეთრი სახლიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია. პოლიციის განცხადებით, ხელოვნების ნიმუშის მოსაპარად ქურდები სულ მცირე ორი ავტომანქანით იყვნენ, შეტყობინება ქურდობის შესახებ ქურდების მიერ სასახლის დატოვებიდან 7 წუთის შემდეგ, დილის 4 საათსა და 57 წუთზე მიიღეს, იმის გამო, რომ უნიტაზი კანალიზაციის ქსელს იყო მიერთებული, მისი მოხსნის შემდეგ შენობის გარკვეული ნაწილი დაიტბორა. მათ დააკავეს სასახლის დარაჯი, 66 წლის მამაკაცი, თუმცა მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. 57 წლის მაურიციო კასტელანის პერსონალური გამოფენა დიდ ბრიტანეთში უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში პირველად ეწყობა. გამოფენის დაწყების წინ ბლენჰეიმის ფონდის დამაარსებელი, ჰერცოგ მალბორის ძმა ედუარდ სპენსერ-ჩერჩილი აცხადებდა, რომ უნიტაზის დასაცავად განსაკუთრებული ზომების მიღებას არ აპირებდა, რადგან, ის კანალიზაციას იქნებოდა მიერთებული და მისი მოხსნას ადვილად ვერავინ შეძლებდა. პოლიცია არც სპენსერ-ჩერჩილის ამ სიტყვების შესახებ და არც იმის თაობაზე, რამდენად წაახალისა მისმა განცხადებამ ქურდები, კომენტარს არ აკეთებს. გამოფენა გუშინ, შაბათს, ბლექჰეიმის ფონდის განცხადებით, მხოლოდ ერთი დღით დაიკეტა დამთვალიერებლებისთვის და დღეს განაახლებს მუშაობას.