გავლენიანი ფრანგული გამოცემა ესპანეთის გადაწყვეტილებას, ღიად დაუპირისპირდეს დონალდ ტრამპს, ვრცელ სტატიას უძღვნის და იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც შესაძლოა, ამ დაპირისპირებას მოყვეს.

როგორც გამოცემა წერს, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ახლო აღმოსავლეთში ამერიკული სტრატეგიის ყველაზე მწვავე კრიტიკოსად გვევლინება.  

 იდეოლოგიურ მრწამსსა და პოლიტიკურ გათვლებს შორის მან დაიკავა პოზიცია, რომელიც დონალდ ტრამპთან მკვეთრ დისონანსში მოდის.

ირანში კონფლიქტის დაწყების დღიდან, პედრო სანჩესი ამერიკულ მოთხოვნებს დაუპირისპირდა. მან უარი განაცხადა ესპანეთის სამხედრო ბაზების გახსნაზე, საჰაერო სივრცის ოპერაციებში ჩართული აშშ-ის ძალებისთვის. ასევე, ლიბანში ისრაელის სამხედრო მოქმედებები მკაცრად გააკრიტიკა და ოფიციალურმა მადრიდმა აღნიშნული ქმედებები „ცივილიზაციაზე თავდასხმად“ შეაფასა. 

თუმცა, ყველაფერი ამით არ დასრულებულა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს ისრაელთან ასოცირების ხელშეკრულების შეჩერებაც კი მოსთხოვა, რათა საკუთარი პროტესტი დაეფიქსირებინა.

ევროპელი კოლეგების თავშეკავებული განცხადებების ფონზე, სანჩესი პირდაპირი კომუნიკაციის სტილს ამკვიდრებს. მაშინ, როდესაც ემანუელ მაკრონი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადებას „ძალიან კარგ ამბად“ მიიჩნევს, ესპანეთის მთავრობის მეთაური მიესალმება ამ ფაქტს, თუმცა იქვე დასძენს, რომ ესპანეთი „ტაშს არ დაუკრავს მათ, ვინც მსოფლიოს ცეცხლს უკიდებს მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლის ვედროთი გამოჩნდნენ“.

როგორც პოლიტიკური ექსპერტები მიიჩნევენ, სანჩესის ამ ტონმა, შესაძლოა მთელი ევროპა დააზარალოს.