ისრაელი პრემიერ-მინისტრის კანცელარია იუწყება, რომ წუხელ, გეგმური შემოწმებისას ბენიამინ ნეთანიაჰუს თიაქარი დაუდგინდა და დღეს, 21:00 საათზე, სამხედრო კაბინეტის სხდომის ჩატარების შემდეგ მას ოპერაციას გაუკეთებენ.
ოპერაციის დროს ნეთანიაჰუ სრული ანესთეზიის ქვეშ იქნება. მის მოვალეობას დროებით შეასრულებს პრემიერ-მინისტრის მოადგილე და იმავდროულად იუსტიციის მინისტრი იარივ ლევინი.
ნეთანიაჰუს კანცელარიის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი თავს კარგად გრძნობს და ოპერაციამდე ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. დღეს საღამოს იგი იერუსალიმის ოფისში პრესკონფერენციას გამართავს.
timesofisrael-ის ცნობით ეს იქნება მისი პირველი პრესკონფერენცია თვის განმავლობაში.
74 წლის პრემიერ-მინისტრს შარშან გულის არითმიის შემდეგ კარდიოსტიმულატორი ჩაუდგეს, რამაც მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კითხვები წარმოშვა.