ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სჯერა, აშშ-ის პრეზიდენტთან საუბარი ხელს შეუწყობს ღაზაში მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების წინსვლას.
ამის შესახებ ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„პირველ რიგში, ტრამპთან საუბრისას მას მადლობას გადავუხდი ძლიერი მხარდაჭერისთვის. მსგავსი მეგობარი ჩვენ თეთრ სახლში არასდროს გვყოლია. საერთო ძალისხმევამ საერთო მტერზე, ირანზე უზარმაზარი გამარჯვება მოგვიტანა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 255 მძევლიდან ისრაელმა 205 მძევლის დაბრუნება შეძლო, აქედან 144 ცოცხალი იყო.
„დარჩენილია 20 ცოცხალი მძევალი და 30 გარდაცვლილი. ჩვენ მტკიცედ მივისწრაფვით ყველას დაბრუნებისკენ. ჩვენ ასევე მტკიცედ მივისწრაფვით იმისკენ, რომ ღაზა აღარ იყოს საფრთხის შემცველი ისრაელისთვის. ეს ნიშნავს ერთ რამეს – „ჰამასის“ სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობების ლიკვიდაციას. „ჰამასი“ იქ არ იქნება“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
შეგახსენებთ, ხვალ, 7 ივლისს ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში შეხვდება. ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, ეს უკვე ვაშინგტონში ნეთანიაჰუს მესამე ვიზიტია.