ბელგრადში, პარლამენტის შენობასთან ანტისამთავრობო აქცია გაიმართა, რომელსაც ასობით ადამიანი შეუერთდა.
აქციის მონაწილეებმა მხარდაჭერას გამოუცხადეს დიანა ჰრკას – ქალს, რომლის შვილიც ნოვი სადის სარკინიგზო სადგურის სახურავის ჩამონგრევის დროს დაიღუპა. ჰრკამ შიმშილობა გამოაცხადა. ის პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს.
პარალელურად, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სერბმა სტუდენტებმა თითქმის ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციები დაასრულეს. მედია განათლების სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ბელგრადის, ნოვი სადის, ნიშისა და ნოვი პაზარის უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი აღდგა.
სტუდენტებმა უნივერსიტეტების ბლოკირება 2024 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყეს, ნოვი სადის სარკინიგზო სადგურზე ბეტონის სახურავის ჩამონგრევის შემდეგ.
2024 წლის პირველ ნოემბერს ნოვი სადის რკინიგზის სადგურზე ახლად გარემონტებული ბეტონის ჭერი ჩამოინგრა და მოქალაქეების სიცოცხლე იმსხვერპლა. შემთხვევის შემდეგ სერბეთში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რასაც სამართალდამცველებთან შეტაკებები მოჰყვა. მოქალაქეები ტრაგედიის გამომწვევ მიზეზად ქვეყანაში არსებულ კორუფციასა და ნეპოტიზმს ასახელებდნენ და ქვეყნის ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდნენ. შედეგად, ქვეყნის მშენებლობის მინისტრმა, გორან ვესიჩმა თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით, ის და კიდევ 12 პირი დააკავეს, თუმცა დღემდე არცერთის პასუხისგების საკითხი არ დამდგარა. პოსტი დატოვა პრემიერ-მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმაც, მაგრამ ამით საპროტესტო აქციები არ შეწყვეტილა და ის პერიოდულად კვლავ იმართება.




