"დაუვიწყარია თქვენი შესანიშნავი ღვინო და ღვინის გზა, თქვენი გასაოცარი ხედები, ქართველების სტუმართმოყვარეობა, ასე რომ, როგორც ნახეთ, მე უამრავი მიზეზი ჩამოვთვალე, რომლის გამოც შესაძლებელია საქართველოში ჩამოსვლა. ესაა ქვეყანა ყველა კატეგორიის ტურისტისთვის, ყველასთვის ვისაც უყვარს ლაშქრობა, კულტურა, ღვინო…" - ასე დაახასიათა ჩვენი ქვეყანა ბელგიის ელჩმა მიშელ პეტერმანმა.
ფრანკოფონიის დღეებთან დაკავშირებით, ბელგიის ელჩი, ერთკვირიანი ვიზიტით საქართველოს სტუმრობდა. "აიპრესმა" მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. (https://ipress.ge/news/interviu/evrokavshiri-ertiania-saqartvelos-evropisaken-mimaval-gzaze-da-am-yvelafers-belgiats-mkhars-uchers-interviu-belgiis-elchtan)
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.
ბატონო ელჩო, ბელგიაში რომ გკითხონ დაასახელოთ სამი მიზეზი, რის გამოც საქართველოში უნდა ჩამოვიდნენ, რას ეტყოდით?
გააჩნია რა ტიპის ტურისტია, თორემ მე მინიმუმ 4-5 მიზეზი შემიძლია დავასახელო. მე სასტუმროში გავიცანი ტურისტები, რომლებიც მიდიოდნენ მთაში სასრიალოდ. ასე, რომ საქართველოში არის როგორც ზამთრის სპორტის, ასევე ზღვაზე წასვლის შესაძლებლობა. ასევე, აღსანიშნავია თქვენი სამზარეულო, რომელზეც უკვე ხანგრძლივად ვისაუბრეთ. არ დაგვავიწყდეს თქვენი შესანიშნავი ღვინო და ღვინის გზა, თქვენი გასაოცარი ხედები, ქართველების სტუმართმოყვარეობა, ასე რომ, როგორც ნახეთ, მე უამრავი მიზეზი ჩამოვთვალე, რომლის გამოც შესაძლებელია საქართველოში ჩამოსვლა. ესაა ქვეყანა ყველა კატეგორიის ტურისტისათვის, ყველასთვის ვისაც უყვარს ლაშქრობა, კულტურა, ღვინო…
ტურიზმი საქართველოსთვის არის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება ქვეყნის განვითარებისათვის. მაგრამ, ასევე არ შეიძლება მხოლოდ ტურიზმის იმედზე ვიყოთ. რადგანაც ბევრი ტურისტია საქართველოში, შესაძლებელია რომ მალე ახალი პირდაპირი ფრენა გაჩნდეს ბრიუსელი-თბილისის მიმართულებით. აგრეთვე, ვფიქრობ იქნება ახალი მიმართულება შარლლერუას აეროპორტიდან ქუთაისში, იმ ტურისტებისათვის ვინც უფრო დაინტერესებულია საქართველოს დასავლეთ ნაწილით. ვიცით რომ ამ მიმართულებით კიდევ უნდა გაძლიერდეს ჩვენი ურთიერთობები.