BBC-მ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბოდიში მოუხადა 2021 წელს მის მიერ წარმოთქმული სიტყვის შეცდომაში შემყვანი სახით გაშუქების გამო, თუმცა ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანიამ უარი განაცხადა კომპენსაციის შესახებ ტრამპის მოთხოვნაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, BBC-ის ადვოკატებმა ტრამპის იურიდიულ გუნდს წერილი 13 ნოემბერს მისწერეს მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი კორპორაციას შეცდომაში შემყვანი სიუჟეტის გამო $1-მილიარდიანი სარჩელით დაემუქრა.
BBC-მ ასევე განაცხადა, რომ დოკუმენტური გადაცემა Panorama-ს, რომელიც პირველად ეკრანებზე 2024 წლის ოქტომბერში გამოჩნდა, განმეორებითი ჩვენება აღარ იგეგმება, თუმცა, დაამატეს, რომ "მიუხედავად იმისა, რომ BBC გულწრფელად ნანობს ვიდეოკლიპის მონტაჟის მეთოდს, ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით, რომ არსებობს საფუძველი ცილისწამების ბრალდებისთვის."
ბრიტანულმა მაუწყებელმა ასევე განმარტა, რომ კორპორაციის თავმჯდომარემ, სამირ შაჰმა თეთრ სახლს წერილი მისწერა, რომელშიც "მკაფიოდ უთხრა პრეზიდენტ ტრამპს, რომ ის და კორპორაცია წუხდნენ 2021 წლის 6 იანვარზე პრეზიდენტის სიტყვის მონტაჟის გამო, რომელიც პროგრამაში იყო ნაჩვენები."
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სატელევიზიო პროგრამის, პანორამის ერთ-ერთ დოკუმენტურ ეპიზოდში BBC-მ 2021 წლის 6 იანვარს ტრამპის მიერ წარმოთქმული სიტყვა შეცდომაში შემყვანი ფორმით გააშუქა.




