აშშ-ის ექსპრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, შეერთებულ შტატებს არ სჭირდება ქაოსის კიდევ ოთხი წელი, რასაც, მისი შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება მოიტანს. ამის შესახებ მან ჩიკაგოში გამართულ "დემოკრატიული პარტიის" ეროვნულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
„ჩვენ არ გვჭირდება აურზაურისა და ქაოსის კიდევ ოთხი წელი. ჩვენ ეს კინო უკვე ვნახეთ და ყველამ ვიცით, რომ მეორე სერია, როგორც წესი უარესია ხოლმე. ტრამპი გახლავთ 78 წლის მილიარდერი, რომელიც არ წყვეტს წუწუნს თავის პრობლემებზე. ეს მუდმივი უკმაყოფილების ნაკადი ახლა უარესი გახდა, რადგანაც მას ეშინია კამალა ჰარისთან მარცხის. ტრამპს ახასიათებს კონსპირაციის თეორიები, მხარდამჭერების რაოდენობის უცნაური აკვიატება. ამერიკა მზადაა ახალი ისტორიისთვის, ჩვენ მზად ვართ პრეზიდენტ კამალა ჰარისისთვის“, – განაცხადა ბარაკ ობამამ.
მისივე თქმით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რთული ბრძოლა იქნება.
"ადამიანები, რომლებიც წყვეტენ ამ არჩევნების ბედს, სვამენ ძალიან მარტივ კითხვას, ვინ იბრძოლებს ჩემთვის? ვინ იფიქრებს ჩემს მომავალზე? ჩემი შვილების მომავალზე? ერთი რამ ცხადია: დონალდ ტრამპი არ იტეხს ძილს ამ კითხვაზე. ჩვენი ამოცანაა დავარწმუნოთ ხალხი, რომ დემოკრატიას შეუძლია რეალურად მიაღწიოს წარმატებას. კამალას ესმის ეს“, - აღნიშნა ობამამ.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს მთელი მსოფლიო ელოდება.
"აშშ-ს არ სურს, იყოს მსოფლიოს პოლიციელი, ჩვენ ვერ ამოვძირკვავთ მთელ ძალადობას და უსამართლობას, მაგრამ ამერიკას შეუძლია და უნდა იყოს კეთილი ძალა, რომელიც ხელს უშლის კონფლიქტებს, ებრძვის დაავადებებს, წინ წევს ადამიანის უფლებებს, იცავს პლანეტას კლიმატის ცვლილებისგან, იცავს თავისუფლებას, ამყარებს მშვიდობას. სწორედ ამის სჯერა კამალა ჰარისს და ყველა ამერიკელს“, – განაცხადა ბარაკ ობამამ.