ბანგლადეშში განაცხადეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ქვეყნის, სულ მცირე, 20 მოქალაქის დაღუპვის შესახებ, რომლებიც რუსეთში დასაქმების ცრუ დაპირებებით შეიტყუეს. ბანგლადეშელებს კონტრაბანდისტთა საერთაშორისო ქსელის წევრები ადგილობრივი აგენტების დახმარებით იბირებდნენ და მშენებლობებზე მუშაობას ჰპირდებოდნენ, — განაცხადა დაკაში სპეციალური რეაგირების ბატალიონმა (SRB), რომელიც ტრეფიკინგთან დაკავშირებულ საქმეებს იძიებს.
თუმცა, რუსეთში ჩასვლის შემდეგ ბანგლადეშის მოქალაქეებს აიძულებდნენ, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად სამკვირიანი მომზადება გაევლოთ. "მათ რუს სამხედროებს გადასცემდნენ, ხოლო პასპორტებს და მობილურ ტელეფონებს რუსეთის ტერიტორიაზე ჩასვლისთანავე ართმევდნენ", — ციტირებს dpa SRB-ის ხელმძღვანელის, მოჰამად ასადუზამანის განცხადებას.
ამის შემდეგ, საბრძოლო მოქმედებებისთვის ფაქტობრივად, შეუფერებელ ადამიანებს ფრონტზე უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების გამოსავლენად, როგორც "ცოცხალ სატყუარას", ისე აგზავნიდნენ, — განაცხადა პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა.
მაისის დასაწყისში რუსეთში ჩასული 30 გადაბირებული ბანგლადეშის მოქალაქიდან 17 ფრონტზე პირველივე დღეს, დრონების თავდასხმის შედეგად დაიღუპა, კიდევ სამი კი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, — აღნიშნა ასადუზამანმა იმ გადარჩენილი ბანგლადეშელების ჩვენებებზე დაყრდნობით, რომლებმაც სამშობლოში დაბრუნება შეძლეს. ადამიანების უკანონოდ გადაყვანაში ჩართული ბანდის ორი სავარაუდო წევრი უკვე დაკავებულია.
საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International ასევე ადანაშაულებს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში მონაწილეობის მისაღებად უცხოელი მოქალაქეების გადაბირებაში. სექტემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში უფლებადამცველები მიუთითებენ მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი ადამიანების მოტყუებით, იძულებითა და ექსპლუატაციით სისტემატურ გადაბირებაზე.
2024-დან 2026 წლამდე პერიოდში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, Amnesty International-მა უკრაინის სამხედრო ტყვეების ორ ბანაკში მყოფი რვა ქვეყნის წარმომადგენლები გამოჰკითხა. გარდა ამისა, ორგანიზაცია ეყრდნობა ნათესავებთან, ადვოკატებთან, უფლებადამცველებთან და მედიის წარმომადგენლებთან გამართულ საუბრებს.




