აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი მიხაილ ევდოკიმოვი დაიბარეს.
საგარეო უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილესთან, არაზ აზიმოვთან შეხვედრაზე რუსეთის მხარეს გადასცეს საპროტესტო ნოტა არამეგობრულ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც ორი ქვეყნის ურთიერთობებს აზარალებს.
"აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, არაზ აზიმოვთან შეხვედრაზე რუსეთის მხარისადმი პროტესტის ნოტა გამოითქვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დამაზიანებელი არამეგობრული ქმედებებისა და ნაბიჯების გამო.
კიდევ ერთხელ გამოითქვა ღრმა შეშფოთება 27 ივნისს ეკატერინბურგში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების უკანონო ქმედებების შედეგად, აზერბაიჯანელების სახლებში რეიდების დროს, ჩვენი ორი თანამემამულე დაიღუპა, ზოგიერთმა კი სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.
აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ მომხდართან დაკავშირებით მოწოდებული ახსნა ეწინააღმდეგება ექსპერტის მოსაზრებას და გარდაცვლილთა სხეულებზე ძალადობის კვალის არსებობას.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ რეიდებთან დაკავშირებით, რუსულ მედიაში დაფიქსირდა ეთნიკური შეუწყნარებლობის გამოვლინებები, აზერბაიჯანელებთან მიმართებით ისეთი გამოთქმების გამოყენება, როგორიცაა "ეთნიკური კრიმინალური ჯგუფი", მიუღებელია", - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, აზერბაიჯანი რუსული მხარისგან ელოდება კანონის დარღვევების ყოვლისმომცველ და ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას. ასევე ხაზგასმულია, რომ აზერბაიჯანის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ შეიძლება, ჩაითვალოს რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევად.