Axios უკრაინის პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით წერს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის 27 ნოემბერს, მადლიერების დღეს, დონალდ ტრამპს შეხვდეს და სამშვიდობო გეგმას დათანხმდეს.
ცოტა ხნით ადრე, CNN-მა აშშ-ს ადმინისტრაციის თანამდებობის პირზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინა აშშ-ს სამშვიდობო შეთანხმებას დათანხმდა.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების მდივანმა, რუსტემ უმეროვმა X-ზე დაწერა, რომ უკრაინისა და აშშ-ს დელეგაციები "ჟენევაში განხილული შეთანხმების ძირეულ პირობებზე შეთანხმდნენ"
მანამდე, გამოცემა Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს არმიის მინისტრი, დენ დრისკოლი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელთან და რუსულ დელეგაციასთან მოლაპარაკებებს მართავს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟენევაში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ თქვა, რომ აშშ-ს "28-პუნქტიან გეგმაში" აღარ არსებობს იმდენი პუნქტი, რამდენიც თავდაპირველად იყო და დაამატა, რომ ამის სანაცვლოდ სამუშაო ჩარჩოს ფარგლებში მრავალი "სწორი ელემენტის" გათვალისწინება მოხდა.








