ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტებით პირდაპირ იერიშზე პასუხად, ისრაელი მომდევნო დღეებში ქვეყნის სტრატეგიულ ობიექტებზე მასირებულ შეტევას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Axios საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

წყაროების ცნობით, საუბარია ირანის ნავთობის საწარმოებსა და სხვა სტრატეგიულ ობიექტებზე. ასევე არ არის გამორიცხული სამხედრო ლიდერების მკვლელობა და დივერსიული ოპერაციები. გარდა ამისა, განიხილება ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების განადგურება. 

ისრაელის მთავრობის საგანგებო სხდომა იერუსალიმთან ახლოს მდებარე ბუნკერში ირანის სარაკეტო იერიშის პარალელურად გაიმართა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება საპასუხო ზომებზე სხდომაზე არ მიუღიათ. 

გამოცემის წყაროები ამბობენ, რომ საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილებას ისრაელის მთავრობა თეთრ სახლთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მხარეები უკვე მსჯელობენ, თუ როგორი უნდა იყოს საპასუხო ნაბიჯი. წყაროს ცნობით, ისრაელი სრულად მხარს უჭერს ისრაელს, თუმცა ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ პასუხი მოზომილი უნდა იყოს. 

უკვე ჩანიშნულია ჯო ბაიდენის და ბიბი ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბარი. წყაროების ცნობით, ისრაელის შეტევა ირანზე შესაძლოა 2 ოქტომბერს, ებრაულ დღესასწაულ როშ ჰაშანამდე რამდენიმე საათით ადრე განვითარდეს. 

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ოქტომბერს ირანმა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

ისრაელის არმიის წინასწარი მონაცემებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 რაკეტა ისროლა.

ირანის ცნობით, მისი გუშინდელი სარაკეტო იერიშის სამიზნე თელ-ავივთან მდებარე სამი სამხედრო ბაზა იყო.

ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ირანის მიერ ნასროლი რაკეტების ნაწილი სამიზნემდე მიღწევამდე ჩამოაგდეს, ზოგიერთი კი ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში აფეთქდა.

ისრაელი ირანს საპასუხო ზომებით ემუქრება.

ისრაელმა ნება დართო ადგილობრივებს, დატოვონ თავშესაფრები.

დასავლეთის ლიდერების ნაწილმა და აშშ-მა ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმა უკვე დაგმო.