ევროპაში ბავშთა კვებასთან დაკავშირებით დიდი სკანდალია.პოპულარული გერმანული ბრენდის, Hipp-ის საბავშვო პიურეები გაყიდვიდან სასწრაფოდ ამოიღეს. ინფორმაციას გავლენიანი ფრანგული გამოცემა 20 minutes ავრცელებს.
მიზეზი ერთ-ერთ ქილაში აღმოჩენილი ვირთხის საწინააღმდეგო შხამი გახდა.
.სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ საქმე გვაქვს არა წარმოების მხრიდან არსებულ გადაცდომასთან, არამედ კრიმინალურ ქმედებასთან, რომლის მიზანიც შანტაჟი და ბრენდის რეპუტაციის შელახვაა.
პარასკევს საღამოს, ავსტრიაში, Spar-ის ქსელის სუპერმარკეტებში Hipp-ის „სტაფილოსა და კარტოფილის“ პიურეს პარტია სასწრაფოდ დაილუქა. მას შემდეგ, რაც პროდუქტის ნიმუშები ლაბორატორიულად შემოწმდა, შაბათს ნაშუადღევს ექსპერტიზამ საგანგაშო დასკვნა დადო: ქილაში ნამდვილად იყო მომაკვდინებელი ნივთიერება – ვირთხის წამალი.
პოლიციამ სპეცოპერაცია რამდენიმე ქვეყანაში ჩაატარა. ბურგენლანდის პროვინციის პოლიციის განცხადებით, საეჭვო პარტიები ამოღებულია ავსტრიაში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში.
გამოძიება მიიჩნევს, რომ საწამლავი პროდუქტში განზრახ არის შეტანილი. ავსტრიის სურსათის უვნებლობის სააგენტოს ვერსიით, ეს არის ფულის გამოძალვის მცდელობა. ამ ვერსიას ადასტურებს ჩეხეთის პოლიციაც, რომელმაც სოციალურ ქსელ X-ზე გაავრცელა გაფრთხილება, რომ ამ ყველაფრის უკან შანტაჟია.
კომპანია Hipp-ში აცხადებენ, რომ მათ ქარხნებში კონტროლის სისტემა უნაკლოდ მუშაობს და ინციდენტი მხოლოდ დისტრიბუციის კონკრეტულ ხაზებს ეხება. დამნაშავის კვალს სწორედ ამ მიმართულებით ეძებენ.
“შემთხვევას კავშირი არ აქვს პროდუქციის ხარისხთან ან წარმოების პროცესთან. საფრთხე არ ემუქრება გერმანიასა და ევროპის სხვა იმ ქვეყნებს, სადაც გამოძიება არ მიმდინარეობს“, — აცხადებენ კომპანიაში
შესაბამისი უწყებები
მომხმარებლებს მოუწოდებენ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ პროდუქტს. საეჭვო ქილები მარტივად ამოსაცნობია: მათ აქვთ თეთრი ეტიკეტი, რომლის ძირზეც წითელი წრეა დატანილი. კომპანია ითხოვს, რომ მსგავსი ნიშნის მქონე პროდუქტი არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ და სასწრაფოდ დააბრუნონ მაღაზიებში.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბავშვთა კვების ბაზარზე ასეთი ამბავი ხდება.. ბოლო თვეებში ისეთმა გიგანტებმა, როგორიცაა Nestlé, Danone და Lactalis, 60-ზე მეტ ქვეყანაში გაიწვიეს პროდუქცია ტოქსინ „ცერეულიდით“ შესაძლო დაბინძურების გამო.
საფრანგეთის ხელისუფლების ინფორმაციით, დაფიქსირდა რამდენიმე ჩვილის გარდაცვალებაც, თუმცა გამოძიება ჯერ კიდევ ადგენს, იყო თუ არა სიკვდილის მიზეზი პირდაპირ კავშირში დაბინძურებულ რძესთან.




