ათენში სტუდენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
სტუდენტებმა საბერძნეთის დედაქალაქში, პარლამენტის შენობის წინ კარვები გაშალეს და აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ.
აქციის მონაწილეები საცხოვრებლისა და განათლების მაღალ ხარჯებს აპროტესტებენ. დემონსტრანტების თქმით, ქირის, სახელმძღვანელოებისა და ენერგიის გაძვირება მათ ოჯახებს მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აყენებს. სტუდენტების თქმით, უნივერსიტეტების მახლობლად საცხოვრებლის პოვნა სულ უფრო რთული ხდება, მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ ბინების დეფიციტია, ქირის ფასები კი ბევრისთვის ხელმისაწვდომი არ არის.
სტუდენტური გაერთიანებების განცხადებით, საცხოვრებლისა და განათლების ხარჯების გადახდას ბევრი სტუდენტი ვერ ახერხებს, რის გამოც ისინი იძულებული ხდებიან, უარი თქვან უნივერსიტეტში ჩარიცხვაზე ან სწავლა შეწყვიტონ.
სტუდენტები ხელისუფლებისგან საცხოვრებლის ხარჯების დასაფარად დახმარების გაზრდას, ქირის ზედა ზღვრის დაწესებასა და უფასო სტუდენტური საერთო საცხოვრებლების რაოდენობის გაზრდას მოითხოვენ. მათი მოთხოვნები ასევე მოიცავს განათლების დაფინანსების გაზრდასა და სახელმძღვანელოებისა და სასწავლო მასალების გაიაფებას.




